15-01-2018
აშშ-ის რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის - რადიო „სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ ეთერში პანკისის ხეობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს ქართველმა ექსპერტმა გიორგი გობრონიძემ და ჩეჩენმა ისტორიკოსმა მაირბეკ ვაჩაგაევმა. გადაცემას უძღვებოდა ჟურნალისტი ამინა უმაროვა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს, რომელშიც გამოხატულია მაირბეკ ვაჩაგაევის თვალსაზრისი პანკისის ხეობაში მომხდარი მოვლენების შესახებ:
ამინა უმაროვა: ჩვენ ხშირად გვესმის საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ პანკისის ხეობის ახალგაზრდობა რადიკალიზებულია და ამას ტერორიზმს უკავშირებენ. მაირბეკ, თქვენი აზრით, როდის დაიწყო ახალგაზრდების რადიკალიზება და რამ მოახდინა მასზე გავლენა?
მაირბეკ ვაჩაგაევი: ვფიქრობ, მოვლენების ათვლის წერტილად ჩეჩნეთის ომები (1999 და 2001-2002 წ.წ.) უნდა ჩავთვალოთ, როცა ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფებები საქართველოს საზღვარზე გადავიდნენ და პანკისის ხეობაში დაბანაკდნენ. ამ დროს იქაურმა ახალგაზრდებმა მოვლენებს რომანტიკული პრიზმით შეხედეს - აი, გმირები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ არმიას ებრძვიან. ახალგაზრდებისთვის ის მებრძოლები ტერორისტები კი არ იყვნენ (როგორც მათ მასმედია უწოდებდა), არამედ მშობლიური მიწის დამცველები. პანკისელი ბიჭები მათში დადებითს ხედავდნენ. ბუნებრივია, ჩეჩენ მებრძოლთა ჰეროიზაციამ ადგილობრივ ახალგაზრდებში გარკვეული როლი შეასრულა.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ პანკისის ხეობა 2000 წლისათვის საქართველოს ერთ-ერთ დეპრესიულ რეგიონად ითვლებოდა. პანკისში არაფერი არ მუშაობდა, დუისის სკოლის გარდა. ელემენტარული სამედიცინო პუნქტიც კი არ იყო. პანკისის ხეობა თითქოსდა სადღაც გადაკარგულში იყო უპატრონოდ მიტოვებული: „ჩვენია, მაგრამ ჩვენი არ არის“. თბილისი ამ ხეობას ონკოლოგიურ წარმონაქმნად აღიქვამდა, თუმცა თვით პანკისელები ყოველთვის ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. პანკისელები დღეს მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას და საკუთარ თავს საქართველოსთან ასოცირებენ, ქართულ კულტურასთან, ქართულ სახელმწიფოსთან. ასეთი განწყობის ფონზე ბოლო დროს ჩატარებული სპეცოპერაციები მათში ეჭვს იწვევს: ნუთუ თბილისი ჩვენ ქართველებად, საქართველოს მოქალაქეებად არ გვთვლის? ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება.
ამინა უმაროვა: და მაინც, როგორ აღმოჩნდნენ აჰმედ ჩატაევთან პანკისელები? კიდევ ვინ არის დაკავებული ახალგაზრდების რეკრუტირება-გადაბირებით?
მაირბეკ ვაჩაგაევი: ვფიქრობ, რეკრუტირებით სპეციალურად არავინ საქმიანობს. 2004 წლიდან ხეობაში სიტუაცია თანდათან შეიცვალა. ეს ხელისუფლების წარმატებებით კი არ მოხდა, არამედ იმით, რომ პანკისელები თვითონ მიხვდნენ, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება. დუისელებს ძალიან გაეხარდათ, რომ სოფელში პოლიციის პუნქტი დაარსდა, ისინი მზად იყვნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის... კი, ალბათ ვიღაცა მართლაც იტყოდა - სირიაში ომი მიდის და ჩვენ, მუსლიმებმა, მასში მონაწილეობა უნდა მივიღოთო. იქნებოდა ასეთი მოწოდებები. დიახ, სირიაში 29 პანკისელი დაიღუპა, მაგრამ ბოდიში და პანკისში ხომ მხოლოდ 29 ახალგაზრდა არ ცხოვრობს? იქ ათასობით ახალგაზრდაა, რომლებმაც უარი თქვეს სირიაში წასვლაზე და ქართულ არმიაში მსახურობენ, საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ... აი, ჩემი აზრით, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.
ამინა უმაროვა: თქვენ პანკისელ უხუცესებთანაც გაქვთ კავშირი, იცნობთ იქაურ მოსახლეობასაც. რას ფიქრობთ - როგორ შეიძლება დიალოგის დაწყება, რა საკითხებზე სურთ პანკისელებს პასუხის მიღება? გასაგებია, რომ მათ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სურთ, მაგრამ ასეთი პასუხი არ არის. რის შეთავაზება შეუძლია პანკისის უხუცესთა საბჭოს საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ ეს საკითხი პარლამენტში იქნეს განხილული?
მაირბეკ ვაჩაგაევი: სხვათა შორის, ამგვარი საკითხების პრაქტიკა კარგადაა აპრობირებული დღევანდელ იორდანიაში. ადრე სირიაშიც ხდებოდა, მაგრამ ომის გამო სირიის პარლამენტი არ მუშაობს. მოკლედ, იორდანიაში სულ რამდენიმე ათასი ჩეჩენი ცხოვრობს. ეს ცოტაა პანკისის ხეობასთან შედარებით, მაგრამ მათ ქვეყნის პარლამენტში თავიანთი დეპუტატები ჰყავთ. არა იმიტომ, რომ ისინი არაბებმა აირჩიეს, არამედ იმიტომ, რომ იორდანიის ხელისუფლებას ჩეჩნური დიაპორის განწყობის გაგება სურს. ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება თბილისმა იფიქროს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში პანკისის ხეობის წარმომადგენელი იყოს. ამით ხელისუფლება აჩვენებს იმას, რომ პანკისის ხეობა ღვთისგან დავიწყებული ადგილი კი არაა, არამედ საქართველოს ერთ-ერთი სამოთხის მსგავსი კუთხე. საქართველოს უნდა ესმოდეს ხმა არა მარტო ხევსურეთიდან, კახეთიდან და აჭარიდან, არამედ პანკისიდანაც. ბათუმი ძალიან კარგი და მშვენიერია, უნიკალურია, მაგრამ მოდით, ცოტა პანკისისკენაც გავიხედოთ.
წყარო: «RFE//RL»(აშშ)