1-06-2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. უკლებლივ ყველა პატარა იმსახურებს მშვიდ, უზრუნველ, ლაღ და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და თითოეული მათგანისთვის სათანადო პირობების შექმნა.
პირადად მე, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანაბრადხელმისაწვდომი, ჯანსაღი და მშვიდი საგანმანათლებლო გარემო, რადგან ჩვენი შვილების განათლება და განვითარება არის თავისუფალი, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს შენების უმთავრესი წინაპირობა.
სწორედ ამ მიზნით, ვაგრძელებთ არაერთი პროექტისა და ინიციატივის განხორციელებას. მჯერა, ერთობლივი ძალებით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგებს და ახალი თაობა საქართველოსთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება.
ბავშვებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს - ყველას, ვინც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და საინტერესო ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, –აცხადებს გიორგი ამილახვარი.