გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზი ჟურნალისტი: არ გვინდა, რუსმა ოლიგარქებმა ჩვენი სანაპირო ბეტონით ისე გაავსონ, როგორც ამას სოჭში აკეთებენ

3-10-2018

„ის, ვინც ევროპის რუკას დააკვირდება, დაინახავს, რომ შავის ზღვის ნავსადგური სოხუმი საქართველოს შემადგენლობაშია. მთებით შემოსაზღვრულ 70 ათასიან ქალაქში 30 სექტემბერს დიდი სამხედრო აღლუმი გაიმართა, მაგრამ მასში არც ქართველი ჯარისკაცები არ მონაწილეობდნენ და არც ქართული დროშები არ ფრიალებდნენ. სამხედრო აღლუმით აფხაზეთში საქართველოს არმიის ინტერვენციაზე გამარჯვება და „დამოუკიდებლობის“ დღე აღნიშნეს-ასე იწყება გერმანული გამოცემის, «Spiegel»-ის მიერ უვე კლუსმანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ:


ქართული ჯარები აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში შევიდნენ. იმ დროს აფხაზეთს არ სურდა ახალ ქართულ სახელმწიფოს დამორჩილებოდა. თბილისის სამხედრო ჩარევამ სამოქალაქო ომი გამოიწვია, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ომში ორივე მხრიდან რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მცხოვრებიც. ამჟამად აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს - რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.


აფხაზეთის სამხედრო სტრატეგია რუსეთის პროტექტორატს წარმოადგენს. აფხაზური არმია დაახლოებით 2200 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. მას რუსი გენერალი მეთაურობს, ყველაფერში რუს ინსტრუქტორთა ხელწერა იგრძნობა, რაც სამხედრო აღლუმმაც დაადასტურა.


აფხაზეთის არმია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზების ჩათვლით, ერთიან დაჯგუფებას წარმოადგენს, რომელიც 4 ათასი სამხედრო მოსამსახურისაგან შედგება. რუსები და აფხაზები აცხადებენ, რომ აფხაზეთში სამხედრო ბაზები შეთანხმების საფუძველზე არიან დისლოცირებული, ქართველები კი ბაზების ყოფნას ოკუპაციად მიიჩნევენ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველო აფხაზეთზე კვლავ პრეტენზიას აცხადებს, თბილისის ასეთი მიდგომა გასაკვირი არაა. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ ენაზე არ ლაპარაკობს და მათ არასდროს არ ჰქონიათ ქართული პასპორტები.


თბილისში ვიზიტის დროს კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა. გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ აფხაზეთში ჩასვლისაგან.


აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს მფარველობისა და სტაბილურობის ფაქტორად მიიჩნევს - რასაკვირველია, მხედველობაში აქვთ საქართველოსთან კონფლიქტი. თბილისის სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისაკენ სოხუმში შეშფოთებას იწვევს და ახალი დაძაბულობის მიზეზი ხდება: „საქართველოს პოლიტიკა ყველა სიტუაციაში „ტემპერატურას“ ზრდის“, - ამბობს დაურ კოვა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.


ოფიციოზი რუსეთს აქებს და ადიდებს, „მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად“ მიიჩნევს. როგორც დე-ფაქტო სახელმწიფოს პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სამხედრო აღლუმზე გამოსვლისას აღნიშნა, „აფხაზეთი კოლონიურ ხანაში არასოდეს არ დაბრუნდება“. საქმე იმაში გახლავთ, რომ აფხაზები საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის პერიოდს (იოსებ სტალინისა და მისი საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელის მეშვეობით) „კოლონიურ ეპოქად“ მიიჩნევენ.


რუსეთის გავლენა აფხაზეთში ყველგან იგრძნობა: მოსკოვი მისი ბიუჯეტის დოტაციას თითქმის 50%-ით ახდენს, რუსეთის ფულით ხორციელდება სკოლების, საავადმყოფოების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების რემონტი. გარდა ამისა, აფხაზეთში რამდენიმე ასეული რუსი ტურისტიც ჩადის - ისინი 220 კმ-ზე გაჭიმულ „პალმებიან სანაპიროზე“ ისვენებენ. მათგან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლებიც რუსულ კომპონენტს წარმოადგენს.


აფხაზეთში რუსული რუბლი გადახდის საშუალებაა, დომინირებს რუსული ენა... მაგრამ აფხაზები მუდმივად ახდენენ იმის დემონსტრაციას, რომ მოსკოვის მარიონეტებად ყოფნა არ სურთ. ათი წელი გავიდა აღიარებიდან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ დადებული სასაზღვრო შეთანხმება რუსეთთან - ამ საკითხში მოსკოვთან მორიგება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი მომენტი: ხშირად აფხაზები, როცა მათ არ სურთ რუსებმა საუბრის თემა გაიგონ, ერთმანეთან აფხაზურ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც უცხოელებისთვის სრულიად გაუგებარია.


აფხაზური მასმედია, მათ შორის გაზეთი «Эхо Абхазии», რომელიც ორ კვირაში ერთხელ გამოდის და მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს, რუსეთს და რუსულ პრესას საკმაოდ ღიად აკრიტიკებს და მათ „არაკომპეტენტურს“ უწოდებს. სხვათა შორის, კრიტიკის თვალსაზრისით, გაზეთი არც აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებას არ ზოგავს: მის გვერდებზე ხშირად ნახავთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სერგეი შამბას მოსაზრებებს.


აფხაზთა „გულთბილობა, მოკავშირეობა“ და იმავდროულად კრიტიკა რუსებისათვის ხშირად გამოცანად რჩება. მოსკოველი ბიზნესმენები უკმაყოფილონი არიან „მოძმე“ აფხაზეთის კანონმდებლობით, რომლის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ აფხაზებს აქვთ. ერთ-ერთი აფხაზი ჟურნალისტის თქმით, „ჩვენ არ გვინდა, რომ რუსმა ოლიგარქებმა ჩვენი სანაპირო ბეტონით ისე გაავსონ, როგორც ამას სოჭში აკეთებენ“.
წყარო: region.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930