გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი გააცნო

10-06-2024

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილები დაიგეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. კერძოდ, ცვლილებები ხორციელდება სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად, ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად.


„ჩვენ, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს. სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემების (MRV) დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიების ვაჭრობის სისტემას (ETS) და ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM). იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის პროცესი არ შეფერხდეს, აღნიშნული მექანიზმები, გარკვეულ გონივრულ ვადებში უნდა დავნერგოთ. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ეფექტიან თანამშრომლობას და სასურველი შედეგის მიღწევას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ მექანიზმად ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM) და ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიების ვაჭრობის სისტემას (ETS) დანერგვას განიხილავს. აღნიშნული მექანიზმების დასანერგად, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნების მიერ სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემების (MRV) შემოღება, რათა ხელმისაწვდომი გახდეს საწარმოების მიერ ემისიების ფაქტობრივი გაფრქვევის მონაცემები, რაც ნახშირორჟანგის გაფრქვევის მაქსიმალური დასაშვები დონის განსაზღვრისთვის არის საჭირო.


„აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული პროდუქციის ექსპორტს ახდენენ ევროკავშირის ქვეყნებში, CBAM სერტიფიკატების შეძენა 2026 წლის 1 იანვრიდან გახდება სავალდებულო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, CBAM მექანიზმი გადასახადს აწესებს ნახშირბადინტენსიური პროდუქტებისთვის, როგორებიცაა ცემენტი, რკინა, ფოლადი, ალუმინი, სასუქები, ელექტროენერგია, წყალბადი, რომელთა იმპორტიც ევროკავშირში ხორციელდება.


შეხვედრას აკრედიტაციის ცენტრის, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ“ –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930