13-06-2024
„განათლების მინისტრთან ხშირად გვილაპარაკია სვანეთის სკოლებზე, თუმცა, გვისმენს მოსახლეობა და მინდა მათ მიიღონ პასუხი ამ კითხვებზე: მესტიის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის - ჭუბერისა და ყარ-სგურიშის საჯარო სკოლების - მშენებლობა უკვე მთავრდება და სექტემბერში, სავარაუდოდ, მოსწავლეებიც შევლენ ახალ შენობებში. ამისთვის დიდი მადლობა თქვენს სამინისტროს, მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის მოსმენისას განაცხადა. სოზარ სუბარმა მიმართა განათლების მინისტრს სვანეთის კონკრეტულ სოფლებში სკოლების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.
„ორი წლის წინ თქვენთან და განათლების კომიტეტის წევრებთან ერთად ვიყავით სვანეთში, სადაც თქვენი თვალით ნახეთ რამდენიმე სკოლა, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. დავათვალიერეთ, კონკრეტულად მესტიის, ლენჯერის, ლატალის საჯარო სკოლები, რომლებიც მართლა სავალალო მდგომარეობაშია და რომელთაც სერიოზული რეაბილიტაცია და სერიოზული სჭირდება.
რაც შეეხება ახალი სკოლების მშენებლობას: ორი ახალი სკოლის მშენებლობაზე დიდი ხნის წინ დამთავრდა ტენდერი - ეს არის ნაკრისა და იდლიანის სკოლები, თუმცა მშენებლობა ამ წუთამდე არ დაწყებულა და არც ვიცით, როდის იგეგმება. რაც შეეხება იფარის საჯარო სკოლას, წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სკოლის შენობა დაანგრიეს, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და, რამდენადაც ვიცი, ტენდერიც კი არ არის დამთავრებული. მინდა განათლების მინისტრისგან მივიღო დაპირება, რომ პროცესი დაჩქარდება და ამ სკოლების მშენებლობა წელს ნამდვილად დაიწყება… მაინტერესებს, რამდენად მზად არიან კომპანიები ამისთვის და როდის დაიწყებენ მშენებლობას?” - განაცხადა სოზარ სუბარმა. დეპუტატის პასუხად განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს სოზარ სუბარის მიერ დასახელებული სკოლების საკითხს და სვანეთის მოსახლეობას პირდება, რომ იმ სკოლაში, სადაც ტენდერი დამთავრებულია, მაგრამ არის შეფერხებები, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„პირდაპირ გეტყვით - სვანეთის სკოლები ძალიან მტკივა. პირადად მაქვს ნანახი ჩემს კოლეგებთან ერთად - ნამდვილად რთული მდგომარეობა იყო რამდენიმე სკოლაში, სადაც ვიყავით. კარგი არის ის, რომ სოფელ ნაკრაში საჯარო სკოლა შენდება. აქ მოსწავლეების რაოდენობის მატებაზე იყო საუბარი. ეს საკითხი დავაკმაყოფილეთ და იქ 90 ბავშვისთვის უკვე აშენდება სკოლა - ამას გიდასტურებთ. კონტრაქტორთან ეს შეთანხმება მიღწეულია და მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ვიცი ისიც, რომ აქ არის დაგვიანება. რაც შეეხება იდლიანისა და იფარის სკოლებისთვის გამოცხადებულ ტენდერებს, საკმაოდ დიდი ხანია დასრულებულია, ამიტომ, მოგვიწვეს საკმაოდ მკაცრი ზომების ჩართვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხანი ამ სკოლებზე მუშაობის დაწყება. მახსოვს, ზამთარში კონტრაქტორები მიზეზად ზამთარს ასახელებდნენ, თუმცა, ზამთარი დასრულდა უკვე რამდენიმე თვეა და როგორც ჩანს, მუშაობა კიდევ არ დაწყებულა. ამ ნაწილში ძალიან პრინციპულები და მკაცრები ვართ და ვიქნებით. ამიტომ, პირადად ბატონ სოზარ სუბარს ვპირდები, რომ ამ სკოლებს პირად კონტროლზე ავიყვან. ისედაც აყვანილი მყავს, თუმცა როგორც ჩანს, სხვა მექანიზმების ჩართვა დაგვჭირდება. რაც შეეხება დამატებით სკოლებს, ესენი რეგიონულ ჭრილში უნდა განვიხილით. სვანეთი და სხვა მაღალმთიანი რაიონები სპეციფიკიდან გამომდინარე იქნება განხილული. გვესმის დაშორება სკოლებსა და სოფლებს შორის; გვესმის რელიეფი და ზამთრის საკითხი, ამიტომ, კარგად გვესმის იმ მცირე სკოლების მნიშვნელობა ამ რაიონებისთვის. ამიტომ, სწორად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და უახლოეს ტენდერში, რის გამოცხადებასაც ვაპირებთ, რომელიც შეიძლება ამ რაიონისთვის ჩავსვათ, ბატონი სოზარ სუბარის დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება. თუმცა, სვანეთის მოსახლეობას შემიძლია ვუთხრა და დავპირდე, რომ ამ სკოლაში, რომელშიც არის შეფერხებები, მაგრამ ტენდერი დამთავრებულია, უახლოეს მომავალში სამუშაოები დაიწყება,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.