გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"სილქნეტმა" აბონენტები არ დაინდო და სატელევიზიო მომსახურება გაუძვირა

4-10-2018

სილქნეტი" სატელევიზიო მომსახურებას აძვირებს. ოფიციალური მიზეზი 6 ქართული ტელეარხის რეტრანსლირებისათვის ფასის მოთხოვნაა. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ კომპანიას ამ თანხის დაფარვა თავადაც შეეძლო, რომ არა ბაზარზე არსებული დუოპოლია, რაც მსხვილ ბიზნესს საკუთარი თამაშის წესების შეთავაზების უფლებას აძლევს.


ქვეყანაში თითქმის ყველა პროდუქტსა და პროდუქციაზე ფასის მატების შემდეგ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია "სილქნეტი" სატელევიზიო მომსახურების ღირებულებას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან 2 ლარით ზრდის.


კომპანიის განმარტებით, სატელევიზიო მომსახურებაზე ტარიფის ზრდის მიზეზია ის ფაქტი, რომ 6 ქართული ტელეარხის, "იმედი", "რუსთავი 2", "მაესტრო", "ჯიდიესი", "კომედი არხი" და "მარაო", მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ფასიანი გახდა. ცვლილება შეეხება "გლობალ ტვ"-ის აბონენტებსაც.

ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში ექვსმა ქართულმა ტელეარხმა საკაბელო ტელევიზიებს მათი მაუწყებლობის გავრცელებისთვის ანაზღაურება მოსთხოვა. კომპანია "სილქნეტმა" 2017 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან და "სილქნეტის" ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს ფასის შეუცვლელად შეუნარჩუნდებოდა "რუსთავი 2", "იმედი", "ჯიდიესი", "მარაო", "მაესტრო" და "კომედი არხი".


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი კაპანაძის განცხადებით, თუ ბაზარზე არსებული სიტუაცია თვისობრივად არ შეიცვლება და მარეგულირებელი არ გახდება ქმედითი, კომპანიები მუდმივად მოიფიქრებენ მიზეზს, რომ ფასი გაზარდონ.


"მაშინაც (როცა საუბარი დაიწყო, რომ ტელეკომპანიების ნაწილი რეტრანსლაციისათვის თანხას ითხოვდა) და დღესაც მიმაჩნია, რომ ამ თანხის გადახდა თავისუფლად შეეძლოო კოპანიას და რომ არა ბაზარზე არსებული სიტუაცია, ჩვენ ტარიფის გაძვირებამდე ნამდვილად არ მივიდოდით.


კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, არა მხოლოდ სატელევიზიო ან ინტერნეტ მიმართულებით, არამედ მთელ ბაზარზე გვყავს ორი კომპანია, რომლებიც მუდმივად თავად ადგენენ თამაშის წესებს. ისინი საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად ზრდიან ტარიფებს ან უცვლელს ტოვებენ მაშინ, როცა, ყველა ლოგიკით, უნდა შემცირდეს.


თუ ბაზარზე სიტუაცია არ შეიცვლება თვისობრივად, მაშინ კომპანიები ყოველთვის მოიფიქრებენ ობიექტურ ან სუბიექტურ ფაქტორებს და კიდევ უფრო გააძვირებენ მომსახურებას.


მთელ მსოფლიოში კლებადია სატელეკომინიკაციო სერვისის ღირებულება, ვინაიდან ვითარდება ტექნოლოგიები და, შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომი ხდება ტელევიზია და ინტერნეტი. ამის გამო ყველგან დაბლა იწევს ტარიფები, მხოლოდ ჩვენთანაა განსხვავებული მდგომარეობა და კლება არასდროს შეინიშნება. მუდმივად იზრდება ფასი. ამ პირობებში აუცილებელია მარეგულირებლის ჩარევა", - აცხადებს "რეზონანსთან" კაპანაძე.


აფბა ბაზრის გადანაწილების საფრთხეზე და დუოპოლიის რისკებზე კერ კიდევ წლის დასაწყისში საუბრობდა, როცა "სილქნეტი" "ჯეოსელის" მფლობელი უნდა გამხდარიყო.


"თუკი აღნიშნული გარიგება შედგა, მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიზიო მომსახურების 83%-ს სწორედ "მაგთიკომი" და "სილქნეტი" გააკონტოლებენ. შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და კონკურენცია, ფაქტობრივად, გაქრება. ბაზარზე მათი ერთადერთი კონკურენტი კომპანია "ბილაინი" იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ "ბილაინი" მათ კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც.


ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი, პირველ რიგში, დააზარალებს მომხმარებლებს და გააჩენს კარტერული გარიგებების საფრთხეს", - აცხადებდნენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.




resonancedaily.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930