გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: აშშ თითქოს რუსეთთან ურთიერთობების და რუსული კანონის გამო ასანქცირებს საქართველოს და ამ დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები უფრო მარტივად იღებენ აშშ-ის ვიზას, ვიდრე ქართველები

22-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მხრიდან არამეგობრულ ქმედებებს და ორმაგ სტანდარტს აფასებს.


დეპუტატის განმარტებით, ამერიკის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს აშშ-ს რუსეთი დასანქცირებული ჰყავს და საქართველოსთან მეგობრობს - სიცრუეა.


მაჭარაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით გაირკვა, რომ აშშ-ის ვიზებს რუსეთის მოქალაქეები უფრო მარტივად იღებენ, ვიდრე ქართველები.


დეპუტატის თქმით, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებები აზრიანებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შეურაცხყოფს საქართველოს მოსახლეობას. მაჭარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ის ორმაგი სტანდარტი ჩინეთთან პარტნიორობის შემთხვევაშიც ჩანს.


„30 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და შედეგად რა მივიღეთ? აშშ გვეუბნება - რუსეთი დასანქცირებული გვყავს, საქართველოსთან კი ვმეგობრობთო. ორი დღის წინ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 39% უთხრეს უარი ვიზაზე, საქართველოს შემთხვევაში კი, ყოველი მეორე მოქალაქე დაასანქცირეს და ვიზა არ მისცეს. ეს არის მათი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენთან, თან გვეუბნებიან, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ მათი გვერდში დგომის იმედად, ამ დროს კი არათუ ვერ და არ დაგვიდგებიან გვერდში, არამედ ახლაც კი, როდესაც გვიმტკიცებენ, რომ რუსეთი დასანქცირებული ჰყავთ - ვიზებს გაცილებით უფრო მარტივად აძლევენ და ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან გავიგეთ.


ხვდებით რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ? მეორადი ხარისხის სახელმწიფოდ გვთვლიან და ჰგონიათ, რომ აქ ადამიანებმა წერა- კითხვაც არ იციან. ესაა მათი დამოკიდებულება. რა ეგონა ქალბატონ დანიგანს? სანამ დიპლომატიურად იქცეოდა, ჩვენც ვამბობდით - ქალბატონი ელჩი იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს და ახლა როდესაც გამოვიდა და ეს სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, მიიღებს სათანადო პასუხს. გარდა იმისა, რომ ამ განცხადებით ელჩი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებს, ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. აშშ ამბობს - საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების და რუსული კანონის გამო უნდა დაასანქცირონ კონკრეტული პირები და ამ დროს, მათივე სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც წერია, რომ რუსეთის მოქალაქეები უფრო მარტივად იღებენ აშშ-ის ვიზას, ვიდრე ქართველები. ამერიკა ჩინეთზეც გვეუბნება - რატომ გაქვთ ურთიერთობაო და თვითონ 700 მილიარდზე მეტი აქვთ ბრუნვა, მათი პრეზიდენტი ჩინეთის ხელისუფალთან ერთად დგას და ამბობს - ჩინეთთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთო.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930