24-06-2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველო აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დაწყებით და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ამ მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბრიტანეთის ბაზარი პრიორიტეტულია საქართველოს ტურიზმისა და ავიაციისთვის.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მოლაპარაკება პირდაპირი ფრენების დაწყებაზე პოზიტიური შედეგით დასრულდება. საქართველოს ავიაციის ბაზარი ზრდადია, განსაკუთრებით, ევროპის მიმართულებების ხარჯზე. ჩვენი ინტერესია, რომ ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებს შორის ბრიტანეთიც ვიხილოთ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ განვიხილავთ ბრიტანეთის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის გამართვას საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიაფრენების დაწყების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, რაც ორივე ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.