24-06-2024
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებელი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ მოეწონა და ამის გამო, ჩვენ, კანონმდებლები დაგვასანქცირა. როგორც ამბობენ, არ ვიცი, ჯერ არ გადამიმოწმებია, რომ ჩავალ ამერიკაში, გეტყვით სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არა. მაგრამ ასე ხომ განაცხადეს. გესმით, რა “სამართლიანობის ზეიმთან” გვაქვს საქმე? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა.
ზარქუას თქმით, ერთი არგუმენტიც კი არ არსებობს, თუ რის გამო დაუწესდათ სანქციები კანონმდებლებს აშშ-სგან, თუმცა, თავად დასანქცირების პრობლემა არ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიც მუშაობს იმავე გზავნილებით, რითაც აშშ, თუმცა, ბოლო არჩევნების შემდეგ, წესით ევროპა უნდა გამოფხიზლდეს და საკუთარ ღირებულებებზე უნდა გააკეთოს აქცენტი.
"პირდაპირ გეტყვით, ევროკავშირიც მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რომლითაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ. სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? ერთი არგუმენტი მაინც მოიხმონ და გვითხრან. ღიად, საჯარო დისკუსიებისთვისაც მზად ვართ, უბრალოდ აგვიხსნან, რის გამო? რომ საქართველომ დაიცვას თავისი თავისუფლება და ამ კანონზე გაცილებით უფრო მკაცრი თვითონ მიიღეს და ახლაც ამზადებენ. ამის გამო გვსჯიან?! ჩვენ მზად ვართ. კი ბატონო, თუ მე უნდა დავსანქცირდე ამის გამო, დაე დავსანქცირდე. პირადად პრობლემა არა მაქვს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და ის, რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით, უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს." - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.