გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რა კავშირი აქვს „ომეგას“ საქმეს სამთავრობო ცვლილებებთან და რა მოხდა რეალურად ფინანსთა სამინისტროში?

5-10-2018

„ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა. ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ირწმუნება, რომ მან სახელმწიფოსთან გარიგებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მის კომპანიას მილიონობით დავალიანება დაადეს და პრაქტიკულად გაკოტრებამდე მიიყვანეს. ოქუაშვილს ამ საკითხში მხარდამჭერები პოლიტკურ სპექტრშიც გამოუჩნდენენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ბიზნესის რეკეტით არის დაკავებული...
მთელს ამ ლოგიკაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იქნებოდა, რომ არა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელიც ოქუაშვილის კომპანიისთვის ფინანსური ვალდებულებების არაერთგზის გადავადებას ადასტურებს. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - როგორ ახერხებდა „სახელმწიფოს მიერ დარეკეტერბული“ ზაზა ოქუაშვილი ფინანსური დავალიანებების სისტემატიურად გადავადებას, მაშინ, როცა იგივე პრივილეგიით ბევრი სხვა კომპანია დღემდე ვერ სარგებლობს? არეკეტებდნენ, თუ ლობირებდნენ „ოჯთ“-ს სახელისუფლებო ეშელონებში? რა კავშირი აქვს „ომეგას“ საქმესთან ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელსაც წინა მინისტრთა კაბინეტში სხვადასხვა დროს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების თანამდებობები ეკავა?


ამ საქმესთან დაკავშირებით ხმაურიანი აუდიოჩანაწერები ამ ეტაპზე გამოძიების შესწავლის საგანია. ამ ჩანაწერების ავთენტურობა საზოგადოების ნაწილს უტყუარად მიაჩნია, ნაწილი კი ეჭქვეშ აყენებს, ისევე, როგორც ექსპერტიზის ბიურო, რომლის დასკვნის მიხედვით მედიაში გავრცელებული ჩანაწერები “არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“.


ფალისიფიცირებაზე საუბრობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც, რომლის სახელმაც ასევე გაიჟღერა ზემოხსენებულ ჩანაწერებში. ჩხარტიშვილის ადვოკატმა გაასაჯაროვა ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის საფუძველზეც ირწმუნება, რომ ჩანაწერები დამონტაჟებული და გაყალბებულია, აღინიშნება წყვეტები და მიღებულია სხვადასხვა საუბრის კომპილაციით.


ასე თუ ისე, ერთი რამ ფაქტია - ხმაურიანი ჩანაწერების გამოქვეყნება დროში დაემთხვა სამთავრობო ცვლილებებს, რომლის შედეგად კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის ტანდემი მთავრობიდან წავიდა.


პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ წინა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდის, მეტწილად კი დიმიტრი ქუმსიშვილის მთავრობიდან წასვლასთან ერთად, „ომეგამ“ ხელისუფლებაში გავლენიანი ლობისტები დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით ხდებოდა ოქუაშვილის კომპანიისთვის მილიონობით ფინანსური დავალიანებების გადავადება.


ითქვა ისიც, რომ ქუმსიშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა სიტუაციის „დალაგება“ ფინანსთა ახალ მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან სცადა. მაჭავარიანის კაბინეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.


უცნობია, აღნიშნული შეხვედრის ჩანაწერიც აქვს თუ არა ზაზა ოქუაშვილს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით, ფინანსთა მოქმედ მინისტრთან მას საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა. წყარო ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანმა „ომეგას“ მფლობელს საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა კატეგორიულად მოსთხოვა და ისიც განუცხადა, რომ ხელისუფლება აღარ აპირებდა „ოჯთ“-თვის ვალდებულებების გადავადებას. წყაროს ცნობით, დაძაბული საუბარი ლამის ჩხუბშიც გადაიზარდა.


სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მედიაში ერთი მეორის მიყოლებით აუდიოჩანაწერები გამოჩნდა, რომლის საფუძველზეც ზაზა ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლია.


ოქუაშვილის ამ მოსაზრებას არ იზიარებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია, რომელიც ამბობს, რომ „ომეგას“ ბიზნესი სახელმწიფომ არათუ შეავიწროვა, არამედ პირიქით - დიდი ხნის განმავლობაში მას ხელისუფლებაში ლობირებდნენ. ჭარაიას ამის არგუმენტად მოჰყავს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ „ოჯთ“-ს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 11-ჯერ გადაუვადეს, რაც ეკონომისტის თქმით, კერძო მეწარმის მიმართ უიშვიათესი და საეჭვო მხარდაჭერის გამოხატულებაა.


ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას და კონკრეტულ ციფრებს ოდნავ ქვემოთ შეგახსენებთ, მანამდე კი ვახტანგ ჭარაიას ვთხოვეთ განემარტა, კონკრეტულად თუ რა სახის საგადასახადო დავალიანებაზეა საუბარი.
ვახტანგ ჭარაია, ეკონომისტი, პროფესორი:


-საუბარია აქციზის გადასახადზე, რომელსაც ამ შემთხვევაში თითოეულ კოლოფ სიგარეტზე იხდის მეწარმე. ანუ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, „ოჯთ“-მ სახელმწიფოს გამოართვა გარკვეული რაოდენობის აქციზური მარკები, ამ მარკებით მოახდინა სიგარეტის რეალიზაცია, თუმცა აქციზის გადასახადი სახელმწიფოს არ გადაუხადა. რამდენადაც ცნობილია, რიგ შემთხვევაში, რაღაც ოდენობის აქციზის გადასახადს იხდიდა, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს არა. ანუ სახელმწიფოსგან გაჰქონდა აქციზური მარკები, ახდენდა სიგარეტის რეალიზაციას, ნახულობდა ფინანსურ მოგებას, თუმცა შესაბამის გადასახადს აქციზზე არ იხდიდა. ამ ვალის გადავადება ხდებოდა სისტემატიურად. რის სანაცვლოდ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დავალიანება დაგროვდა და უკვე 50 მილიონს გადააჭარბა. ახლა სახელმწიფომ მიმართა მკაცრ ზომებს ამ თანხის, ანუ ბიუჯეტის ფულის ამოღების მიზნით. წესით ეს ნაბიჯები აქამდეც უნდა გადაედგათ.


-ანუ ეს არის აქციზის გადასახადით დაგროვილი ვალი?


-დიახ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს კომპანია რაღაც ტიპის გადასახადებს ნამდვილად იხდიდა. ბოლო წლებში მათ, თუ არ ვცდები, 100 მილიონზე მეტი აქვთ გადახდილი, მაგრამ იყო გადასახადები, რომელსაც არ იხდიდა. კონკრეტულად აქციზის გადასახადზეა საუბარი. როგორც ირკვევა, სისტემატიურად ხდებოდა ვალდებულებების გადავადება სწორედ ამ კონკრეტულ გადასახადთან მიმართებაში. როგორც ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდა ეს გადავადება მოხდა 11-ჯერ, რაც ჩემი აზრით არასამართლიანი მიდგომაა სხვა მეწარმეებთან მიმართებაში. მე არ მახსენდება ბიზნესმენი, რომელსაც ამდენჯერ გადაუვადეს ვალდებულებები. ნუ, წინა ხელისუფლების დროს ისეთი საოცრებები ხდებოდა, რომ შეიძლება ასეთი პრეცედენტი არსებობდა, მაგრამ როგორც წესი, თუ შენ არ ხარ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ, ამდენჯერ ამხელა გადასახადს არავინ გადაგივადებს. ჩვეულებრივმა მეწარმემ შეიძლება ერთხელ ითხოვოს დავალიანების გადავადება და სახელმწიფო ამ შეღავათზე წავიდეს კიდეც, მაგრამ როდესაც ეს გადავადება იძენს სისტამატიურ ხასიათს, გამოდის, რომ ამ კონკრეტულ მეწარმეს ვიღაც ლობირებს. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მხირდან იყო მხარდაჭერა, არ ვიცი ეს კორუფციული სქემა იყო, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ომეგა“ ამ მხარდაჭერით სარგებლობდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გადმოსახედიდან, მიუღებელია, როდესაც ერთ კომპანიას აქვს უპირატესობა - არ გადაიხადოს კონკრეტული გადასახადი და ამ დროს სხვა კომპანიებს ყოველგვარი შეღავათის გარეშე ვთხოვდეთ იგივე გადასახადს. ეს რასაკვირველია არასამართლიანია. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.


-კონკრეტულად, ვინ შეიძლება მფარველობდეს „ოჯთ“-ს და ვისი ხელშეწყობით შეიძლებოდა მას ამხელა დავალიანება დაეგროვებინა? მაგალითად, არაერთხელ გაიჟღერა დიმიტრი ქუმსიშვილის გვარმა... გამორიცხავთ მის ჩართულობას?


-ერთადერთი, რაც გარანტირებულად შეიძლება ითქვას არის ის, რომ ეს კომპანია მართლაც სარგებლობდა ხელისუფლებიდან ვიღაცის მხარდაჭერით. ვინ იყო ეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, ცხადია ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა შესაძლოა დამთხვევა არ იყოს, რომ დავალიანების შესახებ საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და შეიცვალა ეკონომიკური გუნდი. ფაქტია, რომ ამ ცვლილებების შემდეგ „ოჯთ“-ის პრივილეგირებული მდგომარეობის პერიოდი დასრულდა, რაც ცხადია აჩენს გარკვეულ ეჭვებს. არ გამოვრიცხავ, რომ მას წინა მინისტრისგან - დიმიტრი ქუმსიშვილისგან ჰქონდა მჭიდრო ხელშეწყობა, რაც ქუმსიშვილის წასვლის შემდეგ, დაკარგა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ითხოვს ბიუჯეტის კუთვნილ გადასახადს და კარგია, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიასთან სახელმწიფოსთვის საზიანო გარიგება დასრულდა. არა აქვს მნიშვნელობა მინისტრი ქუმსიშვილი იყო თუ სხვა, როდესაც ასეთი რამ ხდება, ამასთან ბრძოლაა საჭირო.


-სხვათაშორის, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ხმაურიან ჩანაწერებშიც გაიჟღერა ქუმსიშვილის გვარმა...


-თვითონ ჩანაწერებზე მე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ლევან ყიფიანი ამბობს რომ ეს იყო წინასწარ დადგმული ჩანაწერი, რომელიც შემდეგ კიდევ დამონტაჟდა. აგერ ჩხარტიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეს არის არათუ დამონტაჟებული, არამედ ფალისიფიცირებული და გაყალბებული ჩანაწერები, თავად ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ეს ჩანაწერები ნადმვილია. აქედან ვინ ამბობს მართალს, ამის გარკვევა რთულია, თუმცა ფაქტი ერთია: ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი ბოლო თეთრამდე, მიუხედავად იმისა სარგებლობს თუ არა მთავრობის ლობიზმით და მიუხედავად იმისა, ტელევიზიას ფლობს, თუ გაზეთს. გადასახადების გადახდა ყველასთვის სავალდებულოა. მთავრობა თუ წნეხს ახდენდა კომპანიაზე, მაშინ როგორ მოხდა, რომ 11-ჯერ მოხდა ვალდებულებების გადავადება? სად არის ლოგიკა?!


რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციას... შემოსავლების სამსახურმა წლების მიხედვით გამოქვეყნა იმ დავალიანებების ნუსხა, რომელიც „ოჯთ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაუგროვდა. ოფიციალური უწყების ცნობით:


„2015 წელს, “ოჯთ”-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1 358 919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134 371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.


2016 წელს, შპს “ოჯთ”-ის მიმართ დარიცხულმა საურავმა შეადგინა 2 143 845 ლარი; ამავე წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20 880 470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2 099 350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21 679 836 ლარი.


დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაშიც, კერძოდ „ოჯთ“-მ დაადეკლარირა, ანუ აღიარა 19 973 500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12 868 653 ლარი. 2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33 411 299 ლარი.


2018 წლის მანძილზე კომპანიამ დაადეკლარირა 16 076 671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1 214 785 ლარი.


სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16 182 788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52 830 844 ლარს“.


ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მართლაც ლობირებდნენ თუ არა ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლებაში, თუ პირიქით, ხელისუფლება ავიწროვებს თავისუფალ ბიზნესს? სავარაუდოდ ამ საქმეზე ჩვენების მიცემა დიმიტრი ქუმსიშვილსაც მოუწევს, რომლის სახელი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებშიც ფიგურირებს... რა დასკვნას დადებს გამოძიება და ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება მთელს ამ სკანდალში, ეს ალბათ მალე გახდება ცნობილი.





Primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930