28-06-2024
წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა და ამით ყველა მნიშვნელოვან პუნქტში დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.
„წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად. ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლოს სამტრედიაში გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი. მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლები კვირის განმავლობაში ერთდროულად ემსახურება 90 სოფელს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე ყურადღება დაუთმო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი და ამ სამუშაოების ნახევარი, სწორედ, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
„მიწის სისტემური რეგისტრაცია არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, ქვეყნის მასშტაბით; მათ შორის, ნახევარ მილიონზე მეტი აიზომა ამ საანგარიშო პერიოდში. დღეში საშუალოდ 3 500 – 4 000 მიწის ნაკვეთი იზომება, დაახლოებით 2 700 კი - რეგისტრირდება ყოველდღიურად. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და მადლობა იუსტიციის მინისტრს ამისათვის,"- განაცხადა პრემიერმა.