28-06-2024
ჟარგონზე რომ ვთქვათ, კარგ სატოპკეებს გვიწევს ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც ელჩების დემარშს შეეხებოდა.
„ქალბატონი თეონა აქუბარდია სვამდა კითხვებს, აღარ გვესწრება, შესაბამისად, შეიძლებოდა, არც გაგვეცა პასუხი მის შეკითხვებზე, თუმცა რამდენიმე კომენტარს მაინც გავაკეთებ. ის საუბრობდა ელჩების დემარშზე - ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. შეგახსენებთ, ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ჩვენ დემარში არ გავითვალისწინეთ, რადგან ეს დემარში იყო სრულიად უსაფუძვლო. არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დემარშები არის დროებითი, როცა მათ არ აქვს მყარი საფუძველი. ამ შემთხვევაშიც, შეიძლება იმავეზე ვისაუბროთ, ამიტომ, ქალბატონი თეონას ადგილზე მე სიტყვა დემარშს არ ვახსენებდი, რადგან ეს არ არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აქვს ჩვენს ოპონენტებს", - აღნიშნა პრემიერმა.