2-07-2024
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობა ჩაიდინონ. აგენტებს ტყუილად კი არ ვეძახით მათ - რასაც დაავალებენ უცხოელი პატრონები, იმას ასრულებენ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ანა წითლიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ქეთევან თურაზაშვილს სამშობლოს ღალატში ამხელს.
„ამ ხალხის გვარებს სპეციალურად ვასახელებ. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან მოღალატეები, ვინ მოითხოვა ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის შეჩერება. მათი ეს ქმედება ღალატია,“ - აღნიშნა მან.
„ევროსაბჭოში დისკუსიის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ეს არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და იგი ხელს უწყობს ქვეყნებს დემოკრატიის საფუძვლების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვაში. ამის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ლევან ბეჟაშვილმა, ქეთევან თურაზაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერება მოითხოვეს. ამ ხალხის გვარებს სპეციალურად ვასახელებ. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან მოღალატეები, ვინ მოითხოვა ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის შეჩერება. მათი ეს ქმედება ღალატია. ამის იქით რაღა უნდა გააკეთონ? ტერიტორიებს ვერ გაყიდიან. ამის საშუალება არ აქვთ, თორემ ამაზეც არ დაიხევენ უკან. კარგად გვახსოვს მათი მოღალატეობრივი რეჟიმი, რომლის პროვოკაციული პოლიტიკის გამო 2008 წელს საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა. ახლა სხვა საშუალება არ ჰქონდათ და რეზოლუციაზე აქტიურობდნენ. სურდათ ტყუილი ფაქტებით გაჯერებული ჩანაწერი ასახულიყო დოკუმენტში. რასაკვირველია, ვიმუშავეთ მომხსენებლებთან და ჩანაწერი რეზოლუციაში არ დაფიქსირდა. თუმცა ის ფაქტი, რომ სურვილი ჰქონდათ საქართველოსთვის წევრობის შეჩერების, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ესენი არიან საქართველოს მავნებლები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობა ჩაიდინონ. ჩვენ ტყუილად არ ვეძახით მათ აგენტებს. რასაც დაავალებენ უცხოელი პატრონები, იმას ასრულებენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რა სურს საქართველოს მოსახლეობას, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. მთავარია დავალება მიიღონ და უპირობად ასრულებენ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.