გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
აზერბაიჯანული პრესა: დროა სუამ-ის უპერსპექტივობაზე დასკვნები გაკეთდეს

6-10-2018

აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების პრობლემატიკა - რამდენად საჭირო და აუცილებელია ახალი პოლიტიკური ბლოკების//ალიანსების შექმნა-ჩამოყალიბება და რა მიზანს ემსახურება ასეთი ნაბიჯები?

„მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გააქტიურების კვალობაზე კვლავ დღის წესრიგში დგება ბლოკების საკითხი - ისინი თავიანთი ინტერესების ორბიტაში ითრევენ შედარებით სუსტ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია სტატიის შესავალში.


პუბლიკაციაში მოცემულია კონკრეტული მოვლენის - მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში გამართული სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვედრის შეფასება.


როგორც ცნობილია, სამიტში მონაწილეობდნენ: საქართველოდან - მამუკა ბახტაძე, მოლდოვადან - პავლე ფილიპი, უკრაინიდან - ვლადიმერ გროისმანი და აზერბაიჯანიდან - ვიცე-პრემიერი ალი აჰმედოვი. მათ განიხილეს სუამ-ის როლის გაძლიერების საკითხები საერთაშორისო არენაზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული საკითხები. აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან საერთო პრობლემას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა წარმოადგენს.


სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სუამ-ის დაარსების დღიდან განიხილება, მაგრამ ისმება კითხვა: რა როლი შეასრულა ამ ორგანიზაციამ მთავარი პრობლემის მოგვარებაში? არავითარი. თავიდანვე „სუამი“ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძალისხმევით შეიქმნა დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების მიზნი, მაგრამ ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ განიცდიდა დაბადებიდანვე ნახევრადმკვდარი „სუამი“ დეგრადაციას. უზბეკეთი ჯერ გაწევრიანდა, შემდეგ დატოვა და ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. დღეს „სუამ“-ის წევრები - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა - პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში არიან ჩაფლულნი.


„მოლდოვა იმ ბანაკის ძებნაშია, რომელსაც უნდა მიეკედლოს. იქ გაბატონებულია ორხელისუფლებიანობა, რომელიც პოლიტიკურ სისტემას „ხრავს“ და რაც დამღუპველად მოქმედებს ისედაც ღარიბ-ღატაკი ქვეყნის მოსახლეობაზე. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს, თუ როგორ ათამაშებს და სკანდალებს უქმნის მთავრობა საყოველთაო-სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტს. მოლდოვას პოლიტიკური ელიტა ხან ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის ერთგულებას აცხადებს, ხან იძახის - ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე ვდგავარო, ხან რუმინეთთან გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და უარს ამბობს ქვეყნის სუვერენიტეტზე. მოკლედ, რა უნდათ, ვერაფერს გაიგებ.


საქართველომ, რომელმაც ფაქტიურად სამუდამოდ დაკარგა თავისი ტერიტორიების ნაწილი, ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობიდან სრულად თავის დაღწევა: თბილისს ჯერ კიდევ აბოდებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების იდეები. უკრაინაში ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პარალიჩს, ანარქიას, სამოქალაქო ომს დონბასში და ამ ყველაფრამდე ქვეყანა ილუზიურმა ევროინტეგრაციამ და 2014 წლის ე.წ. „ღირსების რევოლუციამ“ მიიყვანა. ასეთ პირობებში მყოფ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების წარმატებით განვითარება შეუძლებელია. გარდა ამისა, „სუამ“-ის წევრი ყოველი ქვეყანა თავისებურად ცდილობს საერთო პრობლემის - ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტას. დასავლეთის სახელმწიფოები პოსტსაბჭოურ კონფლიქტებს ორმაგი სტანდარტით უდგებიან: მაშინ როცა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აბსოლუტურადაა მხარდაჭერილი, მთიანი ყარაბაღის მიმართ ისინი ნაკლებ კატეგორიულობას ამჟღავნებენ, სომხეთის პირდაპირი აგრესიაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჯეროვნად არაა დაგმობილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს.


დროა „სუამ“-ის უპერსპექტივობაზე დასკვნები გაკეთდეს, მათ შორის აზერბაიჯანის მხრიდანაც“, - ხაზგასმულია პუბლიკაციის დასასრულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930