15-07-2024
„ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს“, - ასე აფასებს პოეტი დათო მაღრაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
მისივე შეფასებით, დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა - ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„ამ ფაქტს, ერთი წინადადებით შევაფასებ - ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს. დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამის პროგნოზი ორბანმა გააკეთა, როდესაც რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდა, ანუ, ის შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს იყო პროგნოზი“, - აღნიშნავს მაღრაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.