გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა

18-07-2024

დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიშში, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო.


როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანამ მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა 1991 წლიდან, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.


ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ცხრა ნაბიჯი წარუდგინა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, მათ შორის დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული კუთხით წინსვლისთვის.

„2005 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი ხუთ პროცენტს აჭარბებდა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ფოკუსირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და ცვალებად გაცვლით კურსზე. 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 7,5%-ს შეადგენდა და ინფლაციის დონე 0,4 მდე დაეცა, რაც აღინიშნა უფრო ტრადიციულ ეკონომიკურ ფაქტორებში, ესენია ტურიზმი, გაზრდილი ექსპორტი და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება“, – აღნიშნულია ანგარიშში.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული სამი წლის მდგრადი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას, რომელიც 2024 წლის პროგნოზით 5-7 % პროცენტამდე გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მთლიანობაში, ბიზნესის და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია და საქართველო სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით ხელსაყრელია.


„თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა იურიდიული სექტორის შესაძლებლობების მიმართ, რომ განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპტენტურად. ზოგიერთი ბიზნესქეისი წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში. კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ასევე აცხადებენ, რომ ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობაა და კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციული კანონების შერჩევითი აღსრულება და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებია“, – წერია ანგარიშში.


როგორც ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემებზე მუშაობას და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი, რეგიონში მაღალ საფეხურზეა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები.


„აშშ-მა და საქართველომ ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს და საქართველოს უფლება აქვს ტარიფების გარეშე მოახდინოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი აშშ-ში“, – ნათქვამია ანგარიშში.


დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


„1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით დასრულდა. რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აღნიშნული რეგიონები და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს არ ცნობს დამოუკიდებელ ერთეულებად. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს“, – წერია ანგარიშში.


ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები საქართველოსთვის.


„ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობის შუა დერეფნით. ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა ასევე გამოიწვია ტვირთების ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალური აზიის ბაზართან და შესაძლოა, ეს იყოს გრძელვადიანი ზრდის წყარო საქართველოსთვის, განსაკუთრებით სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ თანამშრომლობაში ინვესტიციების გზით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია ანაკლიის პორტისა და დაინიცირებული თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.


„2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი ანაკლიის პორტის, ღრმაწყლიანი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაზე, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის თებერვალში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, დიზაინსა და კონსტრუქციაზე. 2024 წლის აპრილში მთავრობამ დააანონსა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930