18-07-2024
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა.
გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის ქონება დაბრუნდა 2012 წლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის კუთხით.
„ძალიან ამომწურავად ისაუბრეთ იმაზე, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე არჩევის შემთხვევაში აქტიურად ითანამშრომლებთ პარლამენტთან. პირველი კითხვა შეეხება შემდეგს: 2012 წლიდან პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენის კუთხით და დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა რაოდენობის ქონების დაბრუნებაზეა საუბარი და საერთოდ, თუ დაუბრუნდა ეს ქონებები დაზარალებულებს? ასევე, რა გამოწვევებს ხედავდით ამ პროცესებში და თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში როგორ აპირეთ ამ გამოწვევების გადალახვას?“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის კითხვას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უპასუხა.
„მოგახსენებთ იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც 2015 წლიდან, ანუ დეპარტამენტის შექმნის დღიდან დაფიქსირდა:
გამოვლინდა მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი;
დადგინდა 95 საჯარო მოხელის ბრალეულობა - სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 36 პირის მიმართ, რომელთაგან 16-ის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი;
56 პირის მიმართ, განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა - განრიდება;
8 საჯარო მოხელის მიმართ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მათი გარდაცვალების გამო;
ასევე, დადგინდა 10 მოქალაქის ბრალეულობაც;
დაზარალებულად ცნობილია 485 პირი, რომელთაგან 333-ს სახელმწიფომ დაუბრუნა, დაახლოებით, 66 მილიონი ლარის ქონება. მათ შორის არის: მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ავტომანქანა, ძვირფასეულობა, ფერწერული ტილოები და სხვა.
124 მსჯავრდადებულის მიმართ განაჩენი გადაისინჯა, საიდანაც 30 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებდა; მათგან 121 მსჯავრდადებული მიმართ სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სხვა საქმეების განხილვა გრძელდება.
რაც შეეხება გამოწვევებს, დარჩენილ საქმეებში, პირველ რიგში, ეს არის მოწმეთა ბაზის სიმცირე - ზოგიერთი მოწმე გარდაცვლილია, ზოგი არ არის საქართველოში და მათი მოძიება ამ ეტაპზე გართულებულია.
მეორე - ეს არის საჭირო დოკუმენტების მოპოვების სირთულე - ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ზოგიერთი დოკუმენტი განადგურებულია, ზოგი, ალბათ, თავიდანვე არ არსებობდა და ამიტომ ვერ ხერხდება ამ დოკუმენტების პოვნა და ესეც ერთგვარად გვირთულებს საქმეს.
შემდეგი პრობლემა არის იძულებით დათმობილი და ჩამორთმეული ქონების პირვანდელი სახის არარსებობა და მათი აუქციონების გზით გასხვისება. მათ დღეს კეთილსინდისიერი შემძენები ჰყავთ და დამეთანხმებით, რომ არ იქნება სამართლიანი, აუქციონის გზით შეძენილი ქონება პირდაპირ ჩამოვართვათ ამ ხალხს და ძველ მესაკუთრეს დავუბრუნოთ, რადგან ამ შემთხვევაში უკვე ახალი მესაკუთრის უფლებები დაირღვევა. ასეთი ქონებების საკითხის ალტერნატიული ქონებით ჩანაცვლება განიხილება“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
გენერალურ პროკურორობის კანდიდატს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მეორე კითხვაც დაუსვა, რომელიც ექსტრადიციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა, რაზეც გიორგი გაბიტაშვილმა განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო 5 წლის განმავლობაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი შედეგები დაფიქსირდა, რაც მოთხოვნების 90%-ის დაკმაყოფილებას მოიცავს.