1-08-2024
„ამ ინფორმაციას დარწმუნებული ვარ, რომ აფრიალებენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ხურავდნენ, უვარდებოდნენ, ატერორებდნენ და ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ დაპატიმრებული და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც ეს რეიტინგი, რომელიც ვითომდა გაუარესებას გვაჩვენებს საქართველოში მედია გარემოსი იქნება მათი მხრიდან ინსპირირებული და ინფორმაცია მიწოდებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განუცხადა.
წილოსანის თქმით, ოპოზიცია აქტიურად თანამშრომლობს, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა, თუმცა რეალურად ქვეყანაში, როგორც არასდროს ისე არის უზრუნველყოფილი სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება.
„ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა ალბათ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაუფიქრდება და მიმოიხედავს ირგვლივ, დაინახავს, რომ საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი. ყველა ადამიანს, ყველა სუბიექტს, მათ შორის, დამნაშავეებსაც კი სამწუხაროდ, აქვთ უფლება, რომ შექმნან ტელევიზიები და ნაქურდალი ფულით დააფინანსონ ეს ტელევიზიები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.