გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე: ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება!

9-08-2024

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.


კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.


" კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრებს და თითოეულ ჩვენგანს და, ალბათ, ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება. ის, რომ ეს ქვეყანა განწირულია იმისთვის, რომ თავისუფალი იყოს, ეს ფაქტია; ის, რომ ჩვენ, მაცხოვრებლები ამ სამშობლოში_ ერთი სამშობლოს, ერთი ცის და ერთი მზის ქვეშ დავდივართ, ესეც ფაქტია და ის, რომ განწირულები ვართ ერთად თანაცხოვრებისთვის, ესეც ფაქტია. აქედან გამომდინარე, უნდა გზა ვიპოვოთ ერთმანეთისკენ სვლის, რომ არაკეთილმოსურნეებს, ერთხელ და სამუდამოდ, გამოეცალოთ ხელიდან ის ფაქტორი, რომ შეუძლიათ ჩვენით მანიპულირება,"-განაცხადა კობა კობალაძემ.


ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.


2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930