გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
11 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6683 სამართალდარღვევა გამოვლინდა

9-08-2024

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. “ამასთანავე, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს.


კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6683 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი – 3177 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1330 – ქუთაისში, 1145 – ბათუმში, 1031 – ქალაქ რუსთავში.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6683 სამართალდამრღვევიდან, 5832 ფიზიკური პირია, ხოლო 851 – იურიდიული პირი.


4142 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2256 – მიკროავტობუსის, 277 – სატვირთო ავტომობილის, 8 – ავტობუსის.


ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.


ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით”,- წერია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930