გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

13-08-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს. ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირება ხდება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, ასევე, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031