გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

14-08-2024

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.


წელს „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყებამ სამ ლოკაციაზე -კოჯორში - სერჟანტთა აკადემიაში, საჩხერეში - პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში - უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს. მათ სამხედრო ისტორიკოსებთან, ასევე სასულიერო პირებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებისთვის, საპატრიარქოს ორგანიზებით, ისტორიული თემატიკის წარმოდგენებიც გაიმართა.


პროექტ „ჯარის ბანაკის“ განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წელს დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930