16-08-2024
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივლისის თვის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა.
ერთი მხრივ, საგრძნობლად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან. თუმცა, ამავდროულად, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, ივნისთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას დაბალი ზრდის ინტერვალში 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მცირედით გაზრდილია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ზრდის ინტერვალში ვარაუდობენ.
აგრეთვე, გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავე დროს, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ისა და 20%-30%-ით ზრდის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით შემცირებულია.
1-11-2024
1-11-2024