22-08-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო.
„შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან - წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე; ასევე გადავცეთ ცოდნა იმისათვის, რომ სათანადოდ მოუარონ ბაღებს და მიიღონ ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ შემოსავალს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა გასულ წელს, რომელიც წელსაც გაგრძელდა. ვეხმარებით როგორც მცირე ფერმერებს, ასევე მსხვილი ბაღების მფლობელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გურისა და სამეგრელოში თხილის ბაღები და გადამმუშავებელ-შემნახველი ინფრასტრუქტურა მხარეების გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.