გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ დანიის სამეფოში ,,ლაიონს კლუბების" (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან შეხვედრა გამართა

27-08-2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ,,ლაიონს კლუბების" (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კობა კობალაძემ ისაუბრა ,,ლაიონს კლუბებისა" (LIONS CLUBS INTERNATIONAL) და ,,ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველოს" მხარდაჭერით, ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის განხორციელებულ საქველმოქმედო სამედიცინო აქციებზე. „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს" განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამსახურის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში, კლინიკამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 34 საქველმოქმედო აქცია განახორციელა. პირველადი, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა 2841 ბენეფიციარს, ხოლო, 57 ვეტერანს, პირველადი გამოკვლევების შედეგად, _ოპერაციული მკურნალობა; 6143 ვეტერანი და ვეტერანის ოჯახის წევრი, უზრუნველყოფილ იქნა ოპტიკური სათვალით, 10 კი _ეტლ-სავარძლით.


ბენტ იესპერსენმა განაცხადა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე ზრუნვა; ამ მიზნით, ,,ლაიონს კლუბი" კვლავ გააგრძელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ინტენსიურ თანამშრომლობას და მომავალში,ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს განახორციელებს.


ინფორმაციისთვის, საერთაშორისო "ლაიონს კლუბი" მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. „საერთაშორისო ლაიონს კლუბების" ქსელი, ორასზე მეტ ქვეყანას მოიცავს.


„საერთაშორისო ლაიონს კლუბმა", საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარსდა თხუთმეტი "ლაიონს კლუბი". დაარსებიდან დღემდე, საქართველოს "ლაიონს კლუბებმა", სოციალურ, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით, მრავალი პროექტი განახორციელეს "ლაიონს კლუბების" საერთაშორისო ფონდისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.


აღსანიშნავია, რომ „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო", „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის" მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს" შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება, რომლის ფარგლებშიც, კლინიკის მედიკოსთა გუნდი, სამსახურის ბენეფიციარებს, უფასოდ უწევს კვალიფიციურ, ოფთალმოლოგიურ მომსახურებას, ასევე, უსასყიდლოდ ტარდება სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში, ქალბატონი ნატა მენაბდე, რომელსაც კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა თანადგომისა და შეხვედრის თანაორგანიზებისათვის, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე.


კობა კობალაძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი დანიის სამეფოში დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930