გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა, ანაფორას გავიხდი და დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ცხედრებიო

16-01-2018

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი მის უწმინდესობის გვერდით გატარებული წლების შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი მის უწმინდესობის გვერდით გატარებული წლების შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE, რეტრომედიის რუბრიკით, გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც გაზეთმა 2017 წლის 16 იანვარს გამოაქვეყნა:აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩვენი მწირი რესურსებით საპატრიარქოს დაცვა გავაძლიერეთ. თუმცა მხოლოდ ერთი (ჩემი პირადი!) იარაღის იმედად ვიყავით.
14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო - იქ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიარქი. რა თქმა უნდა, რისკი ძალიან დიდი იყო და თავიდან უარზე ვიყავით. პატრიარქმა არ დაიშალა. პროცესში ჩაერთო რუსეთის მაშინდელი ელჩი და უსაფრთხოების გარანტიები მოგვცა. რა თქმა უნდა, რუსების დაპირების იმედად ვერ ვიქნებოდით. ამ დროს შემეხმიანა ვლადიმერ ჩაჩიბაია (ამჟამად გენშტაბის უფროსი; ჩვენ ამერიკაში სასწავლო კურსები ერთად დავასრულეთ) და სურვილი გამოთქვა, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავაცვით, რომ იქ არავის ეცნო (იმ დღეებში ჩაჩიბაია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა). გარდა ამისა, თან წავიყვანე სამოქალაქო ტანსაცმელგადაცმული სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ რამდენიმე წევრი. გვახლდნენ სასულიერო პირებიც. 
15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით). 
ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, - ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო...კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო - წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.
რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო. ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.
როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარიყო - ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, - ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა - პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა, - ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა, მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს... მხოლოდ 6 დაეტია. უწმინდესი მანქანაში ტიროდა (სამი დღე მოვუნდით ცხედრების გადმოსვენებას). 


განადგურებულები დავბრუნდით თბილისში, მესამე დღეს ერთი ჯარისკაცის დედა მოვიდა ჩვენთან, თან შვილის სურათი მოიტანა, - ბოლოს შინდისიდან დამირეკაო. სურათზე ამოვიცანი - ერთ-ერთი გმირი შინდისელი იყო...



წყარო: კვირის პალიტრა


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930