31-08-2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.
„არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ, გურულებს და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ გურიაში „ქართული ოცნება“ ყოველთვის დიდი უპირატესობით იგებს ხოლმე არჩევნებს! დიდი მადლობა თქვენ მრავალწლიანი ნდობისთვის!“- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამ ნდობამ მისცა მმართველ პარტიას მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ! კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.