1-09-2024
წარწერა „სირცხვილიას“ მორიგი, „ევროპული ღირებულებებით“ გამსჭვალული აქტი ყოფილა“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის შენობაზე „სირცხვილიას“ მიერ განხორციელებულ ვანდალიზმს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპაში, ამ ფაქტს ვანდალიზმი ჰქვია.
„სირცხვილიას“ გარშემო ატეხილ ვირტუალურ ჩაქოლვას და მის შედეგს ჰყავს მხოლოდ ერთი დამნაშავე - უპასუხისმგებლო დონორი. და რახან სიტყვამ მოიტანა, ჩემსასაც ვიტყვი. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის შენობაზე საღებავით გაკეთებული წარწერა „სირცხვილიას“ მორიგი, „ევროპული ღირებულებებით“ გამსჭვალული აქტი ყოფილა. ეს „საგმირო“ საქმე, რომლითაც ევროკავშირიდან დაფინანსებულმა „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ფაქტობრივად, იქვე, რუსთაველზე, სასტიკად დაამარცხა რუსული ოკუპაცია, მალევე აიტაცა ასევე ევროკავშირიდან დაფინანსებულმა ონლაინმედიამ და აი, უკვე მერამდენედ, ერთად იზეიმეს ეს ისტორიული გამარჯვება ვირტუალური საქართველოს უკიდეგანო სივრცეში. რა თქმა უნდა, არავინ უთხრა ქართველ ხალხს, რომ ახლა, ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ადამიანის ვანდალიზმი, ქართველი ხალხის ფულით უნდა გაწმენდილიყო ქართველი ხალხის პარლამენტის შენობიდან, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ენჯეოების მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორების თანხები დონორებს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვთ. ევროპაში, რომელიც ზოგს მხოლოდ თავისთვის უნდა, ამას ვანდალიზმი ჰქვია.
ამ ვანდალიზმის მიზეზი კი ის წაყრუებაა, რომელიც, „სირცხვილიას“ ძალადობაზე და ტერორზე, მისი ევროპელი და ამერიკელი დონორებისგან უკვე წლებია გრძელდება. წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა ბრიუსელში რეგისტრირებული ენჯეო, რომელიც აწარმოებდა კამპანიას, რომ თუ საქმე მოითხოვს მოლოტოვის კოქტეილიც შეგიძლია ესროლო ბელგიელ პოლიციელს და ცოცხლად დაწვა,
- ბრიუსელში ჩავიდოდნენ და ამ 21-ე საუკუნის აუტოდაფეს კამპანიაში მონაწილეობას მიიღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები
- ამ ორგანიზაციის წევრებს მოეპოვებინათ და გაესაჯაროებინათ ევროპარლამენტარების და კომისიონერების პირადი მობილური ნომრები და თავად სისტემატურად დაერეკათ მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის და ეტერორებინათ
- ამ ორგანიზაციის წევრები პერიოდულად მოგვეწვია და პარლამენტსა და მთავრობაში ოფიციალური შეხვედრები გაგვემართა
- დეზინფორმაციის გავრცელებაზე, სოცმედიაში არაავთენტური ქცევის კოორდინირებაზე, სიძულვილი ენაზე და სხვა „წვრილმანზე“ აღარაფერს ვამბობ.
როგორ ფიქრობთ, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხს მოსთხოვდა? „სირცხვილიას“ შემთხვევაში ეს ყველაფერი უკვე წლებია ხდება. ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებით და ევროპელი პოლიტიკოსების და ბიუროკრატების ჩართულობით.
თუმცა, არც ევროპელ პოლიტიკოსებს და არც ბიუროკრატებს არ უნდათ ამაზე პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ, არც ამ წაყრუებით წახალისებულ ვანდალიზმზე იგრძნობს ვინმე პასუხისმგებლობას. არადა, წესით, კეთილსინდისიერი დონორი მოვიდოდა და თავისი ხელით გაწმენდდა პარლამენტის კედელს. თუმცა ამას ევროპელობა სჭირდება. ისეთი, როგორიც ქართველები ვართ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.