5-09-2024
„სამართლიანი არჩევნები“ აკრიტიკებს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს, ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის შემცირებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამართლიანი არჩევნები არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რამდენიმე პარტია საბოტაჟს უწევდა ცესკოს საქმიანობას, რის გამოც რისკის ქვეშ დგებოდა მთლიანად საარჩევნო პროცესის პროცედურული ჩარჩოს შექმნა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშში ცესკოს დადგენილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა.
მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ბეშუმობის დღესასწაულის დროს ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშვნა მეტყველებს, თუ რამდენად აცდენილია ადეკვატურობას მსგავსი ანგარიშები.
„მიღებული ცვლილებით, ცესკოს 17-დან 9 წევრი იღებს გადაწყვეტილებას, რითაც საბოტაჟის განმახორციელებელ ცესკოს პარტიულ წევრებს გადაწყვეტილების მიღების ხელოვნური ბარიერის შექმნის საშუალება აღარ ექნებათ.
ანგარიშში აქცენტია გამახვილებული ცესკოს დადგენილებაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. სამართლიანი არჩევნების მიერ გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ისინი ამაზე მიუთითებენ ახლა, მაშინ როდესაც წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მე-7 დღეს იყო გათვალისწინებული, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის. ცესკოს ამ დადგენილებას მხარი მაღალმა ქვორუმმა დაუჭირა. 12 ხმით იქნა მიღებული, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის 4-მა წევრმა მისცა ამ დადგენილებას ხმა, რასაც ცესკოს 21 აგვისტოს ოფიციალური განცხადება ეხმიანება.
ყველანაირ სერიოზულობის ზღვარს სცდება, უკვე წლების განმავლობაში გაკეთებული აბსურდული დასკვნა ყოველწლიურად აგვისტოში ბეშუმობის დროს ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშვნა. ეს უბრალოდ კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად აცდენილია ადეკვატურობას ამგვარი ანგარიშები,“ - განაცხადა მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.