9-09-2024
ბათუმი პირველად, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ,,Limes Congress 2024’’-ს მასპინძლობს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კონგრესში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები, 42 ქვეყნის 350-მდე დელეგატი.
კონგრესის მთავარი თემაა რომის იმპერიის სასაზღვრო ხაზების ისტორია. კონგრესი მოიცავს სხვადასხვა თემატიკასაც, როგორიცაა: ლოჯისტიკა, ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, კულტურა, პოლიტიკური და სოციალური საკითხები, ახალი არქეოლოგიური გათხრები.
ფორუმის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქ. ბათუმის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,ლიმეს კონგრესი 2024’’ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
ფორუმის ფარგლებში, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გარდა სესიებისა დაგეგმილია სხვადასხვა ექსკურსიები რეგიონის ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერების მიზნით.
საერთაშორისო კონგრესი სასტუმრო ,,მარიოტში’’ დღეს გაიხსნა და 14 სექტემბერს დაიხურება.
#LimesCongress2024