13-10-2018
2018 წლის იანვრის დასაწყისში უზბეკეთიდან ჩასულ 20 წლის მიგრანტ ქალს უმიდას უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და დმიტრიდ გაეცნო.
მან თქვა, რომ უმიდას ნომერი ანას გამოართვა, რომელსაც თითქოს უმიდა დაჰპირდა, რომ ქალწულობას მიჰყიდდა. უმიდა ადასტურებს, რომ ცნობისმოყვარეობის გამო, ვინმე ანა როტშილდს სოციალურ ქსელებში მართლაც ეურთიერთებოდა, თუმცა იმ დროისთვის ეს უკვე დავიწყებული ჰქონდა.
დმიტრი აძალებდა, და უმიდა საბოლოოდ დათანხმდა, რომ მას მოსკოვის ერთ-ერთი მეტროს სადგურთან შეხვედროდა. დმიტრი მანქანით იყო.
„ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მან მკითხა, მყავდა თუ არა ვინმე, ვინც დამიცავდა, თუ რაიმე შემემთხვეოდა“.
დმიტრიმ თქვა, რომ ყავაზე შეივლიდა, და უმიდას სახლში წაიყვანდა. შემდეგ, უმიდას თქმით, მან სალონში რაღაც მოასხურა და ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა.
გოგონა ამბობს, რომ ამის შემდეგ მას არც კი შეუმჩნევია, თუ როგორ მიიყვანა მამაკაცმა თავისთან, მესამე სართულზე მდებარე ბინაში. ბინაში უმიდამ დაინახა „რიჟიკი“, ჟღალთმიანი მამაკაცი. დმიტრიმ თქვა, რომ ეს მისი „ძამიკო“ იყო.
თავიდან დმიტრიმ გოგონას მოსთხოვა, დაეწერა, რომ ის ინტიმური მომსახურების გასაწევად ნებაყოფლობით მივიდა. უარის შემდეგ კი განაცხადა, რომ „მის სანაცვლოდ“ ფული ჰქონდა გადახდილი და უმიდას მისი ვალი ჰქონდა.
გოგნამ სთხოვა, რომ დილამდე მიეცა დრო. მაგრამ ის გააუპატიურეს – თავიდან თავად დმიტრიმ, შემდეგ „რიჟიკმა“.
„მეჩვენებოდა, რომ იმ დღეს გადარჩენა არარეალური იყო. მაგრამ მინდოდა გადარჩენა. იქიდან გამოსვლა და მათი დასჯა მინდოდა“, – იხსენებს უმიდა.
შემდეგ მას ტაქსი გამოუძახეს. მან მოისაზრა და მძღოლს ჰკითხა, თუ საიდან წამოიყვანა ის – მან მისამართი დაუსახელა. სახლში უმიდამ შხაპი მიიღო და დაიძინა.
მეორე დღეს უმიდა დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, თუ რა შეემთხვა. სტრესისგან თავდაცვისთვის მისმა ფსიქიკამ გასული ღამის ყველა მოვლენა მახსოვრობიდან განდევნა – და მხოლოდ ვიღაც მამაკაცთან მეტროს მახლობლად შეხვედრა დატოვა. დანარჩენის გახსენებაში მას თავად მოძალადე დაეხმარა.
„საღამოს დამირეკა და დამუქრება დამიწყო. საერთოდ არ ვიცოდი, გაუპატიურება რა იყო, და ასეთ შემთხვევაში რა უნდა მექნა. არ ვიცოდი, რომ განცხადება უნდა დამეწერა. ამაზე არც კი მიფიქრია“, – ამბობს უმიდა.
დმიტრი ყოველდღიურად ემუქრებოდა და ფულს სთხოვდა. მან თქვა, რომ გაუპატიურება ვიდეოზე გადაიღო და დაემუქრა, რომ ჩანაწერს მის ძმას გაუგზავნიდა ციხეში, სადაც „ოცდაათ კაცზე ერთი ტელეფონია“.
შემდეგ მან შანტაჟი მომდევნო დონეზე გადაიყვანა:
„თქვა: რადგან ფული არ გაქვს, ესე იგი, ჩვენთან იმუშავებ“. და პროსტიტუციით დაკავება შესთავაზა.
უმიდა თავის ისტორიას ჯგუფში „მე არ მეშინია თქმის“ მოჰყვა და მალე პასუხი მოუვიდა.
„მე ერთმა გოგონამ მომწერა, რომ ჩვენ ერთნაირი ისტორია გვაქვს, და შესაძლოა, მამაკაციც ერთი და იგივე იყოს. მან მე დმიტრის ფოტო გამომიგზავნა, და თქვა, რომ სინამდვილეში მას ეგორ შუკშინი ჰქვია. მან სხვა არაფერი იცოდა“.
შემდეგ უმიდამ შეძლო იმის დადგენა, რომ ანა როტშილდი – სინამდვილეში ეგორის ცოლი ოლესია შუკშინაა – მათ ორი შვილი ჰყავთ.
დაზარალებულმა გოგონებმა „რიჟიკიც“ იპოვნეს. ის 22 წლის სერგეი დემინი, მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი აღმოჩნდა.
უმიდამ აღმოაჩინა სულ 12 დაზარალებული, რომლებიც წელიწადნახევრის, ორი ან სამი წლის წინათ იყვნენ გაუპატიურებულები.
მსხვერპლთა უმეტესობას პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან შუკშინმა მათ ვითომდა ხელწერილების დაწერა აიძულა.
ხუთმა მათგანმა უმიდას აცნობა, რომ განცხადების შეტანას სცადეს, მაგრამ პოლიციელები გოგონებს თავად დაემუქრნენ, რომ პროსტიტუციისთვის დააპატიმრებდნენ (სინამდვილეში რუსეთში სექსუალური მომსახურების გაწევისთვის სისხლის სამართლის დევნა არ არსებობს).
უმიდამ მიმართა პოლიციას, პროკურატურას, საგამოძიებო კომიტეტს, მაგრამ დახმარებაზე ყველგან უარი უთხრეს. ის სამართლიანობის მიღწევას ცდილობდა, „ცხელ ხაზებზე“ რეკავდა, როდესაც ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტად უჭირდა, კონსულტაციას ფსიქოლოგთან გადიოდა.
ერთხელ მას შეშინებულმა დედამ დაურეკა, რომელსაც დაურეკეს და უმიდას მოკვლით დაემუქრნენ. დარეკა შუკშინმაც – მან განცხადების სანაცვლოდ, მას ფული შესთავაზა.
„ვუთხარი: „მომეცი“- მეთქი, თავად კი გამომძიებელთან წავედი და შევთავაზე: რაკი დრო დაკარგულია, და მტკიცებულებები არ გამაჩნია, იქნებ ფულით ხელში მოვიდეს, და ისე დააპატიმრონ-მეთქი“.
უმიდას თქმით, ამოცნობის დროს შუკშინი „ისე იღიმებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა“, და განაცხადა, რომ მას პირველად ხედავს. მისი და დემინის წინააღმდეგ საქმე „გაუპატიურების“ მუხლით აღძრეს და დააპატიმრეს.
„ხუთი თვე გავიდა, გამოძიება კი არაფერს აკეთებს, – მიაჩნია უმიდას, – ახლა საქმე რაიონიდან ოლქს გადაეცა, რადგან უმოქმედობის თაობაზე განცხადება დავწერე. მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიმართვა“.
„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, მოცემულ მომენტში სერგეი დემინსა და ეგორ შუკშინს ბრალი გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში ედებათ.
jam-news.net
16-11-2024
16-11-2024