14-09-2024
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ უფრო რთული ხდება დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობოებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა, რისი ერთ-ერთი დასტურიც, კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაა.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა. აღნიშნულის ერთ-ერთი დასტურია კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც. ამ კოალიციის ინიციატივით 8 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ პრეზენტაცია. კოალიციის შემადგენლობაშია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“.
ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში პირდაპირ არიან ჩართული. კოალიციაში გაერთიანებულია „სოროსის ფონდიც“. ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის არაერთი მაგალითი სრულებით საკმარისია იმის არგუმენტად, რომ კოალიციის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ქართული ოცნების საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კოალიციის Facebook გვერდზე განთავსებული ვიდეოები წარწერით, „რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო“ და 8 სექტემბრის პრეზენტაციისთვის გამოყენებული მასალა, რომლის შინაარსიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.