15-10-2018
გერმანული გამოცემა «Badische Zeitung»-ი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ კერებს სტატიას უძღვნის, სადაც, ბუნებრივია, საქართველოს შესახებ საკმაოდ ვრცლადაა საუბარი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ შტეფან შოლის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
არის ისეთი ადგილები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სადაც ბაღ-ბოსტნები სარეველებითაა სავსე, ნანგრევებს შორის ქვიშით სავსე ტომრები ლპება, სადაც ქუჩების გზაჯვარედინებზე ბეტონის კუბიკებია და ჯარისკაცები მოწყენილი სახეებით დგანან. აქ უკვე ფრონტი აღარ არის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა სახელმწიფო საზღვარი. ეს „არავისი მიწაა“, რომელიც ხშირად სიგრძით კილომეტრზე ნაკლებია და სიგანით რამდენიმე ასეული მეტრი. რუსეთის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რესპუბლიკებში ამგვარი თეთრი ლაქები საკმაოდ ბევრია მიმოფანტული. მათ „გაყინულ კონფლიქტებს“ უწოდებენ.
კონფლიქტების სუბიექტებია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები და რუსეთი, რომელიც თითქოსდა შუამავლის როლს ასრულებს. მაგრამ თუ მთიანი ყარაბაღის მაგალითს ავიღებთ განსახილველად, დავინახავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობაში მოსკოვმა მცირე წარმატებას მიაღწია - რეგიონში მუდმივად ხდება შეტაკებები.
საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში ქართველ და ოს ბოევიკებს შორის შეტაკებები 1989 წელს დაიწყო. ოსებს რუსეთი დაეხმარა და გაიმარჯვეს. შედეგები: 2 ათასი მოკლული, 120 ათასი ლტოლვილი. 2008 წელს ქართული არმია სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა, მაგრამ კონფლიქტში ჩარეულმა რუსეთის ჯარებმა ქართველებს უკან დაახევინეს. საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში - აფხაზეთში 1992 წელს მწვავე ბრძოლები დაიწყო ერთი მხრივ, საქართველოს სამხედრო ძალებს და მეორე მხრივ - აფხაზ და ჩრდილოკავკასიურ-რუსულ მოხალისეებს შორის. შედეგები: 8 ათასი მოკლული და 250 ათასი ლტოლვილი.
მოლდოვაში 1992 წელს მომხდარ კონფლიქტში (დნესტრიპირეთის რუსულენოვან რეგიონთან) 600 ადამიანი დაიღუპა. 2014 წელს რუსმა სამხედროებმა უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო მოქმედებები დაიწყეს - დაღუპულია ათი ათასი ადამიანი, მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ამ ომების შედეგია ხუთი „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის გაჩენა, რომლებსაც მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებს. ზოგიერთი ისტორიკოსი საბჭოთა დიქტატორს იოსებ სტალინს ადანაშაულებს, რომლის ნებით მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრები ისე ჩამოყალიბდა, რომ თუ ისინი ვთქვათ და ოდესმე დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ, მათ შორის ავტომატურად იფეთქებდა სისხლიანი კონფლიქტები. მაგალითად, მან სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცა, რამაც საბოლოო ჯამში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი გამოიწვია. დამკვირვებელთა აზრით, რუსეთი კარგად სარგებლობს ასეთი სიტუაციით: კონფლიქტის გამო ნავთობ-გაზით მდიდარი აზერბაიჯანი და ღარიბი, მაგრამ შედარებით დემოკრატიული სომხეთი დასავლეთისაკენ ვერ წავლენ...
რუსეთი მხარს უჭერს სხვა სეპარატისტულ რესპუბლიკებსაც: მაგალითად, მოსკოვმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ითვლება, რომ დნესტრისპირეთის (მოლდოვაში) და დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკები (უკრაინაში) ეკონომიკურად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. მოსკოვი დაინტერესებულია, რომ საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში ყოველთვის იყონ მთვლემარე კონფლიქტები, რათა ნატოს არ ჰქონდეს მათი მიღების შესაძლებლობა (ტერიტორიული პრობლემების გამო).
არადა, სეპარატისტული რესპუბლიკების რჩენა რუსეთის ბიუჯეტისათვის ძალიან მძიმე ტვირთია: „რუსეთი, ალბათ, სიამოვნებით დაუბრუნებდა უკრაინას დონბასს, თუ დარწმუნებული იქნება, რომ უკრაინა ნეიტრალური, „ბუფერული“ სახელმწიფო გახდება“, - ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი.
ეხმარება რა სეპარატისტებს იარაღით, კრემლი უკრაინელებისა და ქართველების უდიდეს ნაწილს თავის საწინააღმდეგოდ იმხედრებს. კიევი და თბილისი დღეს უკვე ევროკავშირზე და აშშ-ზე არიან ორიენტირებულნი. „საზოგადოებრივი თვალსაზრისი ისეთია, რომ ოკუპანტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, - ამბობს ვალერიან ხაბურძანია, საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი, - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სადემარკაციო ხაზები დღეს მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოების გავლენის სფეროების მიჯნებსაც წარმოადგენენ“. მისი აზრით, ასეთი სიტუაცია კონფლიქტების მოგვარებას ხელს არ უწყობს, ამიტომაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ომსა და მშვიდობას შორის მდებარე “არავის მიწა“ სულ უფრო გაუუდაბურდება. როგორც ვალერიან ხაბურძანია ამბობს, მეორე მსოფლიო ომი თითქმის 6 წელიწადში დასრულდა, გერმანია კი ამ ომის გამო 45 წლის განმავლობაში იყო გაყოფილი.