14-09-2024
მინდა მათ მივმართო ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში! თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში, როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ, გაუაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ უკვე გვიანი იქნება სინანული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და ქვეყნის გამყიდველებს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ სამართლიანი პასუხი და გამანადგურებელი შედეგით უნდა დავამარცხოთ ომის და ქაოსის მომტანი ბოროტი ძალები.
„დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე. სხვათა შორის, გახსოვთ ეს უკანასკნელი როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არარაობა მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგა, რითაც მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ხალხს, ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასეთი ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას.
დღეს მსოფლიოში ურთულესი და არაპროგნოზირებადი გარემოა, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მატულობს და ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაზრდილია, ამიტომ თითოეული პასუხისმგებლობიანი ჩვენი მოქალაქის ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის დაცვა და გადარჩენა ომისგან და ომში ჩათრევისგან!
ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და ქვეყნის გამყიდველებს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ სამართლიანი პასუხი და გამანადგურებელი შედეგით უნდა დავამარცხოთ ომის და ქაოსის მომტანი ბოროტი ძალები! 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად! გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს სიმართლე! გაიმარჯვებს საქართველო და ჩვენი მაგარი ხალხი! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.