გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს

17-09-2024

როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოჰყვა.


"უკრაინაში გარედან მოიყვანეს ხელისუფლება ჯერ ერთხელ, მერე მეორედ. როცა გარედან მოგყავს ხელისუფლება, მერე პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმ ქვეყანაში მოვლენების სწორად განვითარებაზე. მთავარი ხომ შედეგებია. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა არის განადგურებული, უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი არის დაღუპული, 500-ზე მეტი ბავშვი არის დაღუპული, უკრაინელი ახალგაზრდების, უკრაინელი ბიჭების ორი მესამედი ან დაღუპული, ან ქვეყნიდან არის გასული. განადგურებულია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზუსტად ნახევარი. პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამაზე?


რაც შეეხება საქართველოს - 2003 წელს ასევე გარედან დაგვინიშნეს ხელისუფლება, NGO-ების მეშვეობით. აქაც ვიღაცას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. შედეგები რა იყო - ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ადამიანების ქუჩაში მკვლელობა, 150 ახალგაზრდა ქუჩაში მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა. ციხეში კლავდნენ ადამიანებს. 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში წელიწადში 20-ზე ქვემოთ ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი მყისიერად, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ათჯერ შემცირდა სიკვდილიანობა ციხეებში. ბიზნესის რეკეტი, რაც ხდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში და დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? არავინ. საქართველოს ტერიტორია არის 69 700 კვადრატული კილომეტრი და ამ ტერიტორიის ფარგლებში არავის აქვს უფლება, განათავსოს საკუთარი ჯარები, რაც ხდება სრულიად არალეგალურად. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოღალატეობრივ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა. წვრთნები რუსეთში სამი წლის წინაც იმართებოდა, მაგრამ რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში? იმიტომ, რომ პოლიტიკა უნდა გქონდეს ისეთი, რომელიც საბაბსაც კი არ მისცემს არავის, რომ შენს ქვეყანაში შემოიჭრას. ინტერესი არ არსებობდა სხვა დროს საქართველოში შემოსვლის? მაგრამ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა ის გაგრძელება, რაც მოჰყვა.


რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შექმნას ამ კუთხით. ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო. როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930