გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? რა თქმა უნდა - არა, სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა, ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს, სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას

17-09-2024

დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ დასრულებულია სასამართლო პროცესები და იგივე პოლიტიკური ძალა ახლაც ცდილობს ქვეყანაში გააჩაღოს ომი, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრული სიმართლე არ ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში ომი გააჩაღა სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, იმის გამო, რომ არსებობდა მიმდინარე საქმეები ჰააგასა და სტრასბურგში, „ქართული ოცნება" ერიდებოდა მკაფიო და ზუსტი განცხადებების გაკეთებას ამ თემაზე.


„ერთი - საქმეები დასრულებულია სასამართლოებში და მეორე - იგივე ძალა დღესაც ცდილობს ომის გაჩაღებას ჩვენს ქვეყანაში, მეორე ფრონტის გახსნას. ამაზე ღია განცხადებებიც კეთდებოდა მათი პარტიების ლიდერების, NGO-ების მხრიდან. დახურულ კარს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი.

იგივე ძალა როცა ცდილობს საქართველოში მეორედ გააჩაღოს ომის, უკვე 16 წლის თავზე, ჩვენ სიმართლის ართქმის ფუფუნება უბრალოდ აღარ გვაქვს, იმიტომ, რომ დასაცავია ამ ქვეყანაში მშვიდობა და ეროვნული ინტერესები", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია უკრაინის ომზე, მას პირდაპირ უწოდებენ არაპროვოცირებულ ომს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს კი არაპროვოცირებული ომი არასდროს რქმევია.


„პირიქით, ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე დადგინდა, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მოჰყვა რუსეთის საპასუხო შეტევა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და სისხლიანი რეჟიმის ერთმანეთთან გაიგივება დაუშვებელია.


„სანდრო გირგვლიანი საქართველომ მოკლა თუ სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა? ეს სპეკულაციური განცხადებებია. ის ადამიანებიც, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, იყვნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ ეკავათ ოფიციალური სახელმწიფო პოზიციები. სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? ასე შეიძლება ითქვას ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა - არა. სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი. ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს. ეს არის პოზიცია, რომელიც შემიძლია მკვეთრად დაგიფიქსიროთ. სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას, არასდროს და პლუს ამას, გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. 2008 წელს, იანვარში, სააკაშვილმა უხეშად გააყალბა არჩევნები. ნახეთ, მარტო მარნეულში რა შედეგი დადეს. პირდაპირ გაყალბებული არჩევნების შედეგად იყო სააკაშვილი და მისი რეჟიმი ხელისუფლებაში. ამ გაყალბებული არჩევნების გზით დარჩენილმა ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში სისხლიანმა რეჟიმმა, დაიწყო 7 აგვისტოს ომი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930