25-09-2024
საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც სებში აღნიშნავენ, დოკუმენტში გაანალიზებულია ფინანსურ სისტემაში საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში არსებული მოწყვლადობები და რისკები.
ანგარიშის მიხედვით, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა.
„დოკუმენტში გაანალიზებულია ფინანსურ სისტემაში საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში არსებული მოწყვლადობები და რისკები. ანგარიში მიმოიხილავს ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. დოკუმენტში წარმოდგენილია საგარეო მოწყვლადობის, შინამეურნეობების სექტორის, არაფინანსური კომპანიებისა და უძრავი ქონების სექტორის ანალიზი. ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული ფინანსური სექტორი და ასევე წარმოდგენილია ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზი.
გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2024 წლის აგვისტოში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო ფარდობის გაპი ეტაპობრივად აგრძელებს დახურვას. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ორი კვარტლის მანძილზე არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ შეანელა სესხების მშპ-თან ფარდობის მის გრძელვადიან დონესთან დაახლოების ტემპი, თუმცა კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციების შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მიმდინარე წელს დაიხურება.
შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას. თანმიმდევრული მიდგომის უზრუნველსაყოფად კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ეტაპობრივად დაგროვების პრინციპი მიკრობანკებზეც გავრცელდეს.
როგორც სებში აღნიშნავენ, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.