27-09-2024
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელს „Aptamind Partners"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა არადანა ჰოვალამ გაუწია მოდერატორობა. მან ქვეყნების რეფორმირების პროცესში ადამიანების ჩართულობასა და ტურიზმის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ვფიქრობ, რომ ტურიზმი ძალიან უწყობს ხელს ფერადი და მრავალფეროვანი სამყაროს ჩამოყალიბებას. გაეროს ტურიზმის გენერალური მდივანი ნამდვილად სწორად ამბობს, რომ ტურიზმი შეიძლება იყოს მშვიდობის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რადგან მას აქვს უნიკალური ძალა, ჭრილობები ხიდებად გარდაქმნას და გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს", - განაცხადა არადანა ჰოვალამ. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან მძიმე შეიარაღებული კონფლიქტები და ომები, თითოეული ეს დაპირისპირება კი არის ტრაგედია და ამავე დროს, შესაძლებლობა იმისათვის, რომ ისევ ავაშენოთ და აღვადგინოთ ის, რაც ომმა დაანგრია.
„რა თქმა უნდა, ყველა მოგზაურს ვერ მოვსთხოვთ, რომ ცვლილებების შუქურა იყოს. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ, ყველანი, გვინდა თუ არა, ვართ ამ ცვლილებების გამომწვევი ადამიანები. ტურიზმი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია და ძალუძს ქვეყნების რეფორმირება და ადამიანების ტრანსფორმაცია მშვიდობის შუქურებად",- განაცხადა არადანა ჰოვალამ.
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიების ფარგლებში იმართება სადისკუსიო პანელები, სადაც სპიკერები ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ მსჯელობენ.