27-09-2024
პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიაში, რადიკალური ოპოზიციის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, დაახლოებით 26 ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია რადიკალურ ოპოზიციასთან, დანარჩენები კი ღიად ეწევიან ხელისუფლების დისკრედიტაციას და ანტისახელისუფლებო კამპანიებში იღებენ მონაწილეობას. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, მმართველმა გუნდმა რადიკალებისა და „ენჯეო“ სექტორის თანამშრომლობის შესახებ იცოდა და სწორედ ამიტომ დაიწყო არასამთავრობო სექტორის მხილების პროცესი, რასაც „გამჭვირვალობის კანონი“ მოჰყვა.
„კანონის მიღების შემდეგ ვაკვირდებით პროცესს, სადაც თავად ეს მხილებული ორგანიზაციები ღიად, ყოველგვარი წესების გარეშე ახორციელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს“, - ამბობს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევანის გაკეთების დროს საზოგადოებამ ეს კარგად გააცნობიეროს.
„ძალიან საინტერესო ბრიფინგი ჰქონდა გივი მიქანაძეს და ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდა. წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან.
გადაბმულები არიან და ერთ ორგანიზაციად არიან ჩამოყალიბებული ეს, დაახლოებით 26 ორგანიზაცია და დანარჩენები. ისინი იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში, პირდაპირ მოუწოდებენ საზოგადოებას, არ აირჩიონ „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ. ეს ხომ ისედაც ვიცოდით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხილების პროცესი რომ დავიწყეთ. ამასთან იყო დაკავშირებული გამჭვირვალობის კანონი, რომ მათი გარე პატრონების მიერ ჩარიცხული თანხები გამჭვირვალე ყოფილიყო და გასაგები ყოფილიყო საზოგადოებისთვის, რა კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან არასამთავრობო ორგანიზაციებს და როგორ არის ყველაფერი ერთმანეთში გადახლართული. სინამდვილეში, ამ მიზნების გასაჯაროებას იმიტომ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია და რა საქმიანობას ეწევა. მხოლოდ ეს წერია კანონში, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ კანონის მიღების შემდეგ ვაკვირდებით პროცესს, სადაც თავად ეს მხილებული ორგანიზაციები ღიად, ყოველგვარი წესების გარეშე ახორციელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხომ? ეს არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩვენთვის ეს ისედაც ცნობილი იყო.
აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ეს კარგად გაათვითცნობიეროს არჩევანის გაკეთების დროს. ესენი არანაირი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ არიან, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის განშტოება, რომელსაც მე მეხუთე კოლონა დავარქვი, რადგან პირდაპირ გარედან იმართებიან. ვნებათაღელვა იყო იმიტომ, რომ მათ გამჭვირვალობის კანონთან ჰქონდათ პრობლემა. ეწინააღმდეგებიან, რომ მათი საქმიანობა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდეს და სამოქალაქო სექტორს ეძახიან თავიანთ თავს, რას ნიშნავს ეს? ლამის რევოლუციებს და გადატრიალებას გეგმავენ და ტექნიკური მთავრობის შექმნას ჰპირდებიან საზოგადოებას. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ უკრაინაში, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები განთავისუფლებული არიან ომში წასვლის ვალდებულებისგან. გესმით ეს რას ნიშნავს? ვინ შეეწირება, აქ რომ ომი დაიწყოს? ეწირება ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ღირსეული გმირი ახალგაზრდები და ჯარისკაცები და ამ ადამიანებს [არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს] დაიცავენ მათი პატრონები, წაიყვანენ დასავლეთში და ფარს გაუკეთებენ. აიძულებენ კანონი მიიღონ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ომში მონაწილეობა არ მიიღონ და როგორც 2008 წელს გარბოდნენ და 80% წითელ ხიდზე იდგა, ისევ ასე გაიქცევიან. ეს არის საშინელება. სწორედ ამას მოვერიეთ და დავანახეთ ხალხს, რას ნიშნავს პრინციპული პოზიცია,“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.