30-09-2024
„საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში გამოჩნდა ის, რასაც ამდენი წელი ვამტკიცებთ, რომ გლობალურ ძალებს საქართველოს გამოყენება სჭირდებათ ერთგვარი მსხვერპლის როლში, იარაღად, რომელსაც რუსეთის დასასუსტებლად გამოიყენებენ“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთიდან მომდინარე ზეწოლა არათუ შეწყდება, არამედ გაგრძელდება იქამდე, სანამ ექნებათ იმედი, ცრუ ილუზია, რომ საქართველოში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეძლებენ.
„ამ თამაშის ნაწილი გახდა საქართველოს პრემიერის ბაიდენის ვახშამზე მიწვევა-არ მიწვევაც, იმ ვახშამზე, სადაც ძალიან ბევრი ავტოკრატი ქვეყანა იყო, ისეთები, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ნასახიც არ არის. მაგრამ, იქ არ იყო საქართველო და ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ საქართველომ უარი თქვა - გახდეს იარაღი იმ გლობალური მოთამაშეების ხელში, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ხარჯზე სურთ თავიანთი პოზიციის გაუმჯობესება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთიდან მომდინარე ეს ზეწოლა არათუ შეწყდება, არამედ გაგრძელდება და გაძლიერდება, სულ ცოტა, არჩევნებამდე და არჩევნებიდან ორი-სამი კვირა კიდევ. ანუ, მანამ, სანამ ექნებათ იმედი, ცრუ ილუზია, რომ საქართველოში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეძლებენ. როგორც კი ეს ილუზია გაუქრებათ, იმ დღიდან დაიწყება გადატვირთვის პოლიტიკა, იმიტომ, რომ საქართველო არანაკლებ სჭირდება დასავლეთს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება დასავლეთი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.