4-10-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორისდა მოსახლეობის მონაწილეობით. შედეგად, მომზადდა პროექტი და დავიწყეთ რეალური ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის არხისა და სალექარის სამშენებლო სამუშაოები.აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ყორულდაშზენაპირსამაგრი დამცავი კედლის მშენებლობაც. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მომავალი წლის გაზაფხულზე, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.