7-10-2024
„2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა, 2021-2023 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, რამაც მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უკვე 90 მილიარდი ლარი იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.
„ჩვენ საკმაოდ რთული ვითარება დაგვხვდა 2012 წელს. იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო. ჩვენ მოვახერხეთ და 2020 წლისთვის ეკონომიკა გავზარდეთ დაახლოებით 50 მილიარდ ლარამდე. თან ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ მოგვიწია ორი რეგიონული და გლობალური კრიზისის გამოვლა. პირველი კრიზისი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს 2015-2016 წლებში, მაშინ იყო ეკონომიკური სირთულეები და სავალუტო კრიზისი; მეორე კრიზისი უკვე უშუალოდ 2020 წელს კოვიდპანდემიას უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 28 მილიარდიდან 50 მილიარდამდე. რაც შეეხება ბოლო ოთხ წელიწადს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვქონდა 9,7% ეკონომიკური ზრდა 2021-2022-2023 წლების განმავლობაში, ეს იყო საშუალო მაჩვენებელი და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა. ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ეკონომიკა, 50 მილიარდი ლარიდან, ამ ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება უკვე 90 მილიარდი ლარი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.