გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

9-10-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ.


სკოლაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მასწავლებლებთან. ალექსანდრე წულაძემ მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა აქტუალური საკითხი და პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები 7 მასწავლებელს გადასცა.


სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.


შენობა, რომელიც 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. ამასთან, შენობა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.


ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 3 მილიონ ლარამდე შეადგინა.


სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930