18-10-2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემა, «Forbes» ჟურნალისტ სდიმიტრი იაკოვენკოს ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე საუბრობს, საიდანაც დასტურდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
ავტორი სტატიაში აგრეთვე ხაზს უსვამს პატარკაციშვილი-ბერეზოვსკის ურთიერთობას, რომელიც, მისი მტკიცებით ბოლო წლებში გაუარესდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის მიზეზი 2008 წელს მოწამვლა გახდა, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქციონირებული. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო მისი პარტნიორის - ბორის ბერეზოვსკის მიმართ: მან ვერ მოასწრო აქტივების იურიდიული გაყოფა ბადრისთან და უეცრად დარჩა ყველაფრის გარეშე.
(...)
ბადრი პატარკაციშვილი ნამდვილად იყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი: ბიზნესმენი ფლობდა ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს პრეზიდენტს და მის გარემოცვას, ასევე აქტიურად აშუქებდა ოპოზიციის გამოსვლებს თბილისში, რომელიც 2007 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც ცნობილია, საბოლოოდ, საპროტესტო აქცია დაუნდობლად იქნა გარეკილი პოლიციის მიერ, რომელიც ტელეკომპანია „იმედშიც“ შეიჭრა, გადაცემები შეაჩერა და რედაქცია სასტიკად დაარბია. იმ ხანებში ბადრი პატარკაციშვილმა „იმედის“ აქციები მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს გადასცა, საპროტესტო მიტინგის დარბევის კომენტირებისას კი განაცხადა, რომ მთელ თავის ფულს და შესაძლებლობებს „მიხეილ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისაგან ქვეყნის გათავისუფლებას მოახმარდა“. ოპოზიციური ანტისამთავრობო მიტინგების ჩახშობის შემდეგ საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გამოცხადდა, რომელიც 2008 წლის 5 მარტს გაიმართა. მასში ბადრი პატარკაციშვილმაც მიიღო მონაწილეობა და ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა - 7,1%. მიხეილ სააკაშვილმა კი 53,47%-ით გაიმარჯვა. ექვსი დღის შემდეგ კი ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.
ბორის ბერეზოვსკიმ თავის ბოლო ინტერვიუში, რომელიც მას Forbes-ის ჟურნალისტმა ილია ჟეგულევმა 2013 წლის მაისში ჩამოართვა, აღიარა, რომ სრულიად არ ელოდა, თუ ბადრი პატარკაციშვილი მასზე ადრე გარდაიცვლებოდა. ბოლო ხანებში პარტნიორებს შორის ურთიერთობები გაუარესდა და მათ „განქორწინება“ ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაცხადეს. ბორის ბერეზოვსკის მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მან ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო ქონების იურიდიულ გაყოფას - საქმე ეხებოდა დაახლოებით სამი მილიარდი დოლარს, რომელიც პარტნიორებმა რუსული აქტივებისაგან მიიღეს. ბორის ბერეზოვსკი დარწმუნებული იყო, რომ პარტნიორთან ყველაფერს სანახევროდ გაიყოფდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. მართალია, ბადრის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივი ინა ბორის ბერეზოვსკისადმი აქტივების ნახევრის გადაცემას დათანხმდა, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა და თავი იმართლა, თანხმობის დროს აფექტის მდგომარეობაში ვიყავიო.
ბორის ბერეზოვსკიმ ექს-პარტნიორის ოჯახის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ქონების 50% მოითხოვა... თუმცა მოგვიანებით, 2012 წელს, როცა მან რომან აბრამოვიჩთან სასამართლო დავა წააგო, ბორის ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „დაუზავდა“ და თავისი პრეტენზიები უკან წაიღო. სამაგიეროდ, როგორც Forbes-სისთვის გახდა ცნობილი, ექს-პარტნიორის ოჯახმა მას სასამართლოს ხარჯები აუნაზღაურა, 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით.
2013 წლის 23 მარტს ბორის ბერეზოვსკის გვამი მისი ყოფილი ცოლის - გალინას ბინაში, სააბაზანო ოთახში იპოვეს. სიკვდილის ოფიციალური ვერსია - თვითმკვლელობა.