გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა იმერეთის რეგიონის მეწარმეებთან და ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები გამართა

15-10-2024

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმერეთის რეგიონის მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. თერჯოლასა და ზესტაფონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ქვეყენაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე, ხელისუფლების ეკონომიკურ პროგრამასა და პროექტებზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათი მხარდაჭერის მიზნით არსებულ გეგმებზე წარიმართა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მათ სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ მხარდაჭერას დაპირდა.


„მადლობა, რომ დღეს თქვენი რაციონალური გადაწყვეტილებებით ავითარებთ საქმეს, თითოეული თქვენგანის წარმატება ჯამში ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო კერძო სექტორს საჭიროებებთან. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ასაქმებთ ძალიან ბევრ ადამიანს და თითოეული დასაქმებულის მიმართ პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული. ამიტომ ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი და რამდენად მეტი მხარდაჭერაა საჭირო სახელწიფოს მხრიდან, და აქ მე აბსოლუტურად ვაფიქსირებ ჩვენს მზადყოფნას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლისას.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკა, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, ეს კი თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი პირობაა შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. მისი თქმით, ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებმა, ბიზნეს-მენეჯერებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და შესაბამისად, შეძლონ საბაზრო და სხვა სახის რისკების მაქსიმალურად შემცირება.


ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრები დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მეწარმეებს ქვეყანაში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ამ კუთხით არსებულ პროგნოზებზე. ლევან დავითაშვილმა ასევე ამომწურავად უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის, კონკრეტული პროექტების შემდგომი განვითარების შესახებ.


შეხვედრებში ასევე მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერებმა და „ქართული ოცნების" ადგილობრივმა დელეგატებმა. პირველი ვიცე-პრემიერის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესის მხრიდან აქცენტი გაკეთდა რეგიონში მეწარმეობის განვითარების პროცესში სწორი კომუნიკაციის საჭიროებაზე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე - არსებული საკითხების შინაარსის, მასშტაბის და სპეციფიკის გათვალისწინებით.


„დღეს მეწარმეების მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვები ბიზნესთან და ეკონომიკური პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ზოგადად მომავლის ხედვებსა და ხელისუფლების გეგმებზე, მათ შორის ეკონომიკის განვითარების კუთხით. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ადგილობრივ მეწარმეებთან დიალოგი, მათ შორის ინფორმაცია მათი კონკრეტული საჭიროებების შესახებ, რომლებიც ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება. პირადად მე მექნება კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა სამინისტროებში, რათა ის საკითხები, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ, პრობლემები, რომლებიც აწუხებთ, მიტანილი იყოს მათთან და კონკრეტული რეაგირებები მოხდეს. არსებობს ადგილობრივი მასშტაბის საკითხები და არის უფრო საზოგადო მნიშვნელობის თემები, რომლებიც შემდეგი თვეების განმავლობაში აისახება ჩვენს გადაწყვეტილებებში. ორივე შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მხარის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვექნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930