15-10-2024
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის ცენტრალური ბანკის (MNB) ვიცე-პრეზიდენტთან, ბარნაბაშ ვირაგთან.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და უნგრეთის
ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემების ხელმძღვანელი ლაიოშ ბართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელოვან როლს როგორც ეკონომიკის, ისე საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით უნაღდო გადახდების წახალისების ინიციატივებს. ორივე ცენტრალური ბანკი შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით.
ეკატერინე გალდავამ მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას პროფესიული სასწავლო ცენტრის შექმნისთვის, რომელიც MNB-ის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
"MNB-ის მხარდაჭერა და პარტნიორობა ფასდაუდებელი იქნება ჩვენი ფინანსური სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან ჰარმონიზებისთვის", - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.