17-10-2024
“საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ მთელი ძალით ჩაერთო ყველა უცხოური ძალა, რომელიც ჩვენი ბედოვლათი და ლუზერი ოპოზიციის გადარჩენისა და ხელისუფლებაში მათი ნაცადი აგენტურის დაბრუნებისათვის თავგანწირულად იბრძვის”, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს ძალები კვლავაც გააგრძელებენ ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ, რომლის შეფუთვას ისევ და ისევ ქართველ ხალხზე ზრუნვის ცდილობენ.
„რას ნიშნავს ზეწოლა ამომრჩევლებზე დღევანდელი ფსევდოლიბერალური გაგებით პედაგოგებსაც კი ეკრძალებათ არასრულწლოვანი ბავშვების სურვილების წინააღმდეგ წასვლა, რადგან ეს მათზე ზეწოლად ფასდება და ასეთმა პედაგოგმა „ბავშვზე ზეწოლის“ გამო შეიძლება თანამდებობაც დაკარგოს და თავისუფლებაც. უფრო მეტიც, არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მათივე გაგებით, თუ მშობელი მცირეწლოვან შვილს საწინააღმდეგო სქესისაკენ მიდრეკილებას არ განუვითარებს და მით უმეტეს, ასეთი მიდრეკილების ჩაშლას ეცდება, მას შეიძლება საერთოდ ჩამოართვან შვილი და აღსაზრდელად „თავისუფალ“ ადამიანებს გადასცენ.
აი, ასეთია დემოკრატიის თანამედროვე გაგება „ლიბერალური ფაშიზმის“ მიმდევრებისათვის. მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეების პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ეს „ძალიან დემოკრატები“ მაშინვე სახეს იცვლიან და ბოლშევიკურ და ფაშისტურ სტილში ყველანაირი მეთოდით ახორციელებენ ზეწოლას მათთვის არასასურველი პოზიციის გამომხატველ ხალხებზე და ხელისუფლებებზე.
დღევანდელი საქართველო ამის ნათელი მაგალითია.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ მთელი ძალით ჩაერთო ყველა ბინძური უცხოური ძალა, რომელიც ჩვენი ბედოვლათი და ლუზერი ოპოზიციის გადარჩენისა და ხელისუფლებაში მათი ნაცადი აგენტურის დაბრუნებისათვის თავგანწირულად იბრძვის.
ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ემუქრებიან, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება კანონებს მათი კარნახით არ მიიღებს, რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, არ დაუშვებს ლგბტ პროპაგანდის თავისუფლებას და სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, საქართველოს გაუუქმებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, გაუუქმებენ უვიზო რეჟიმს და აღმოაჩენენ იზოლაციაში, შეუჩერებენ გრანტებს, იაფ კრედიტებს და ა. შ.
საქართველოს ამომრჩევლებისგან კი პირდაპირ მოითხოვენ, რადგან თქვენ ევროპა გინდათ, ხოლო ევროპაში „ქართული ოცნება“ ვერ შეგიყვანთ, შეცვალეთ ეს ხელისუფლება და თუ ჩვენ მითითებებს უსიტყვოდ არ შეასრულებთ, „ცულს მოვიტანთ ცუნცულასა“-ო… უფრო მეტიცო, პოლიტიკური ნიშნით პიროვნებების (ბიძინა ივანიშვილის და სხვების) დევნასაც არ მოვერიდებითო. მათეული გაგებით კი ეს თურმე არც ხელისუფლებაზე და ხალხზე ზეწოლაა და არც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.
ორიენტაცია და ქვეყნის კურსის არჩევა მაშინაა ღირებული, როცა ეს ხდება ხალხის ნებით და არა გარედან იძულებით. იძულების ფორმები კი სხვადასხვაგვარია – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ა. შ. დღეს ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყანაზე ზეწოლის ასეთ კომპლექსურ ფორმებსა და მეთოდებს „ჰიბრიდულს“ უწოდებენ და უფრო ხშირად მხოლოდ რუსეთს მიაწერენ.
ყველამ იცის, რომ რუსეთი არ არის ანგელოზი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ისიც იყენებს „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, მაგრამ ჩვენს ვერ შემდგარ პოლიტიკოსებს და უბრალო მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის ქართველ ხალხზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი და საკუთარი ინტერესები მეორე პლანზე ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ ბოლო წლებმა და განსაკუთრებით ბოლო თვეებმა ნათლად დაგვანახვეს, როგორი უხეში ფორმებით გამოაჩინეს ბრჭყალები ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“, როდესაც მათი ბრძანებები თუ მოთხოვნები არ შეასრულა პატარა ქვეყნის ხელისუფლებამ და პრიორიტეტად საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენა.
ჩვენ კვლავ და კვლავ თვალთმაქცურად გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ხდება.
ქართველებო, თქვენ კარგები ხართ, მაგრამ ვინაიდან თქვენმა არჩეულმა მთავრობამ ჩვენს უსიტყვო მორჩილებაზე უარი თქვა, მოდით, თქვენ დაგვიმტკიცეთ თქვენი სიკარგე და გამოცვალეთ მთავრობაო. ამაში კი ყველანაირად დაგეხმარებით – ფინანსურად, მორალურად, პროპაგანდისტულად, შავი პიარის აგორებით, მსოფლიოს თვალში თქვენი ამბების თეთრის თავად და შავის თეთრად წარმოჩენით და ა. შ.
მერე რა, რომ სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ ობიექტურად შესწავლის შედეგად მიღებული შეფასებებით დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო წინ უსწრებს უკლებლივ ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ისეთი ინდექსებით როგორებიცაა:
სამართლის უზენაესობა,
ადამიანის უფლებების დაცვა,
გამოხატვის თავისუფლება,
ელექტორალური დემოკრატია,
ლიბერალური დემოკრატია,
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება,
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება,
პოლიტიკური თანასწორობა,
სამოქალაქო თავისუფლება,
საზოგადოების თანასწორუფლებიანობის დაცულობა,
ბიუჯეტის გამჭვირვალობა,
ეკონომიკის თავისუფლება,
მთავრობის ეფექტურობა და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობა.
ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ სწორედ ეს ინდექსები იყო მთავარი კრიტერიუმები ევროკავშირისთვის, დემოკრატიულად წოდებული საზოგადოებისთვის, მაგრამ დავინახეთ, რომ დემოკრატიის სახელი დასავლეთში დღეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებს მიუტაცებიათ, რომლებისთვისაც მთავარი საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა ყოფილა, რათა ისინი საკუთარი ინტერესებისთვის უპრობლემოდ გამოიყენონ. ამ მიზნის მისაღწევად კი ეს ძალები კვლავაც გააგრძელებენ ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ, რომლის შეფუთვას ისევ და ისევ ქართველ ხალხზე ზრუნვის ცდილობენ.
ქართველ ხალხს კი ამ ძალებისგან მომავალი შეტევის მოგერიებისთვის და გამარჯვებისთვის ერთიანობა და დიდი ძალისხმევა მართებს, რომლის შედეგი ათიოდე დღეში უნდა დაიდოს”, – წერს კაკაბაძე.