18-10-2024
მინდა ყველას მოგილოცოთ ისტორიული საბაგიროს აღდგენა, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელება და დასრულება, რომელიც მოემსახურება თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაგირო გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი სტუმრებისთვის ასეთი ტიპის პროექტები ყველა თვალსაზრისით.
„ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს პროექტი ისევე, როგორც მერიის მიერ განხორციელებული ყველა სხვა პროექტი არის გამორჩეული გემოვნებით და ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, მერიის ხელმძღვანელობას, კომპანიებს, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში.
რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება, მთავარობის მხრიდან მხარდაჭერა. ასეთი პროექტები სჭირდება ქალაქის განვითარებას. ჩვენ ყველა ვამაყობთ ჩვენი არაჩვეულებრივი დედაქალაქით, შესაბამისად, ამ ქალაქზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ არაჩვეულებრივი საბაგიროს აღდგენას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.