19-10-2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.
მინისტრი პედაგოგებსაც შეხვდა და მათ ახალ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ახალგაზრდებს კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ექნებათ განათლების მიღების შესაძლებლობა. მისი თქმით, განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლებსაც ეძლევათ მეტი მოტივაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იმუშაონ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სკოლებში სწავლების ხარისხის ზრდას.
მინისტრთან ერთად, ქუთაისის ახლად რეაბილიტირებული სკოლების ინფრასტრუქტურას გაეცნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება 1200 მოსწავლეზე გათვლილ 37-ე საჯარო სკოლას, მისი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.
ორივე სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, ასევე,სპორტული და სააქტო დარბაზები.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები. შედეგად კი, წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლას სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა ექნება.