გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

22-10-2024

„ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება. ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი. ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე.


უწყების ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.


პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.


„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.


საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.


„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.


ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს, სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930